"ბევრი ბიზნესისთვის რუსი ტურისტების მიღება გადარჩენის საშუალება იქნება, თუმცა ქვეყანას სწორება ევროპაზე უნდა ჰქონდეს"
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა გარკვეული ბიზნესსუბიექტებისთვის მომგებიანი იქნება, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ეს არამომგებიანია და სწორება ევროპაზე უნდა გვქონდეს.
ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ განაცხადა.
კითხვაზე, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლა ობიექტურად გამოიწვევს რუსი ტურისტების ნაკადის ზრდას, რა ცვლილებები ელოდება ბაზარს? - ქეთი მელაძე აცხადებს, რომ რუსი ტურისტების სეგმენტში, სავარაუდოდ, გაიზრდება შედარებით მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა, რადგან ის ტურისტები, რომლებიც თვითმფრინავით მგზავრობას ირჩევენ, როგორც წესი, უფრო მაღალი ბიუჯეტით მოგზაურობენ.
მელაძე ამბობს, რომ რესტორნების მცირე ნაწილი მხოლოდ ინგლისურ ენაზე მოემსახურება რუს ტურისტებს. თუმცა, იქნება არაერთი ბიზნესოპერატორი, რომლისთვისაც რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების მიღება გადარჩენის ტოლფასი იქნება, ამიტომ მათთვის ეს მომგებიანი იქნება.
რაც შეეხება რუსი ტურისტების ნაკადის ზრდას, ქეთი მელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამ კუთხით პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა მისი პირადი მოსაზრებაა, რომ, შესაძლოა, 20-30%-იანი მატება მივიღოთ.
„მარტსა და აპრილის შუა რიცხვებამდე ტურიზმის კუთხით ჩავარდნა იყო, ამიტომ ბევრი პრობლემური ბიზნესია, რომელიც თავის გადარჩენისთვის, ორიენტირებული იქნება რუსი ტურისტების მიღებაზე. ეს მათთვის გადარჩენის შანსი იქნება და გასაგებია მათი პოზიცია, რადგან მათ უკვე დღეს საარსებო წყარო სჭირდებათ. მეორეს მხრივ კი, ჩემი აზრით, ჩვენ სწორება ევროპაზე უნდა გვქონდეს,“ - განაცხადა ქეთი მელაძემ.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 11 მაისს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.
პირდაპირი ავიარეისები კი რუსეთმა საქართველოსთან 2019 წელს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყვიტა.