ტურიზმი
02/03/2021

16 მარტიდან Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ანახლებს.

როგორც AviaNews-ს სამხრეთ კავკასიაში Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ განუცხადა, Air Astana ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე ფრენებს 16 მარტიდან შეუდგება. რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება. 

ავიაბილეთების რეალიზაცია Air Astana-ს ვებ-გვერდზე უკვე დაწყებულია.

საქართველოს მოქალაქეებს ყაზახეთშის ტერიტორიაზე შესვლა PCR ტესტის “ნეგატიური” პასუხით შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და ყაზახეთში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს. საქართველოში შემოსვლა შეუძლია ასევე ნებისმერ პირს, რომელიც COVID-ვაქცინიზაციის (ორივე დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს.

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.