რატომ არ არის მეაბრეშუმეობა საქართველოში პრიორიტეტული
ქართული მეაბრეშუმეობა გაქრობის წინაშეა. არადა, ქართულ აბრეშუმს საუკუნეების ისტორია და მსოფლიო აღიარებაც ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, დღეს ეს დარგი მიტოვებულია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტი, მეაბრეშუმე ნარგიზ ბარამიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სახელმწიფო ამ დროისთვის გენოფონდს ინარჩუნებს, თუმცა, დარგის განვითარებისთვის, ეს არასაკმარისია.
„ჩვენს ცენტრს წილკანში 70-მდე ჯიში ყავს. ეს არის ისეთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც მოვლა სჭირდება. სახელმწიფოს მხრიდან ამისთვის მცირე თანხაა გამოყოფილი,“ - აცხადებს ბარამიძე.
მისი ინფორმაციით, პირველი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან დარგის პრიორიტეტად გამოცხადება უნდა იყოს. შემდეგ, აბრეშუმის ჭიის საკვები საშუალება - თუთის პლანტაციების გაშენება, დღეს კი არსებული ხეები ნადგურდება. რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯს ეს აბრეშუმის წარმოებისთვის საჭირო ფაბრიკა-ქარხნების ამოქმედებაა.
„მთავრობის მხრიდან არავის აინტერესებს, რომ შეაჩერონ თუთის პლანტაციების გაყიდვა, კახეთში რაც დარჩენილი იყო, იყიდება და ხდება თუთის მასიური გაჩეხვა. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, სხვა შემთხვევაში პლანტაციის გაშენება ძალიან რთულია,“ - აცხადებს ბარამიძე.
მეაბრეშუმეობის მიმართ ქვეყანაში დიდ ინტერესს არაბები იჩენდნენ. საქართველოში მეაბრეშუმეობით ჩინელებიც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც უცხოელებზე მიწის გასხვისება არ შეიძლება, პროცესი გაჩერდა. ამჟამად ინტერესია უზბეკეთის მხრიდან.
ნარგიზ ბარამიძის განცხადებით, გრენას (აბრეშუმის ჭიის კვერცხი) უცხოეთში დიდი ფასი აქვს. მისივე თქმით, ქვეყანამ ბიზნესის განვითარება ერთი მიმართულებიდან უნდა დაიწყოს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი მომგებიანი აბრეშუმის ქსოვილის გატანას იქნება.
მეაბრეშუმეობის აღორძინებასა და უძველესი კულტურის განვითარებაზე სახელმწიფო ამ ეტაპზე სათანადოდ არ ზრუნავს, თუმცა წარსულში როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე ქართულ აბრეშუმს მაღალი ნიშა ეჭირა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს დარგი მომგებიანი არ არის. საბჭოთა პერიოდში დარგი იყოფოდა ორ ნაწილად, პრეროგატივა ეკუთვნოდა ორ სამინისტროს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც ჭიას კვებავდა და პარკს ამზადებდა, მეორე იყო მსუბუქი მრეწველობის სამინისტრო, რომელიც პარკს იბარებდა, იქიდან ახვევდა ძაფს და ქსოვილს ამზადებდა. ჩვენი ქსოვილები მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. 5-5.5 მილიონ მეტრ წმინდა აბრეშუმის ქსოვილს ვამზადებდით. მაშინ მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს დიდი მოგება რჩებოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოგების მარჟა კი არც ისე დიდი იყო. დღეს ვინც დარგის მეურვეობას აიღებს პარკის დამზადებიდან ქსოვილამდე უნდა გავიდეს და ამ შემთხვევაში ის მომგებიანი იქნება,“ - აცხადებს ბარამიძე.
მისი განცხადებით, დარგში ინვესტიციების ჩადება კერძო ინვესტორებისთვის მიმიზდველი მას შემდეგ იქნება, რაც სახელმწიფო დარგს პრიორიტეტად გამოაცხადებს და ამ მიმართულებით გარკვეულ შეღავათებს დააწესებს.