ლევან სილაგავა: პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ქვეყანას ფქვილის 1 თვის მარაგი აქვს
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანას ფქვილის 1 თვის მარაგი აქვს, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ეს გვაქვს რაც გვაქვს. ხორბლის ჩვენი რამდენიმე გემი გაჩერებულია აზოვის ზღვაში, არ უშვებენ, რადგან იქ სამხედრო მოქმედებები მიდის. გემები დატვირთულია, მათ შორის, ერთი - ბათუმის წისქვილკომბინატისაა,“ - აცხადებს სილაგავა.
მისი განცხადებით, საქართველოს ხორბლის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, თუმცა, შექმნილი მდგომარეობის გამო თუ ფასი მკვეთრად გაიზარდა და გაუტოლდა ყაზახეთიდან, თურქეთიდან ან რუმინეთიდან შემოტანის ფასს, საქართველო ამ ქვეყნებისგან ხორბლის შესყიდვის საკითხს აუცილებლად განიხილავს.
სილაგავას განცხადებით, ასევე პრობლემას შექმნის ისიც, რომ რუსეთის ზოგიერთ ბანკს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენებაც აეკრძალა.
„ყაზახეთის სარკინიგზო მიმართულება ღიაა, პრობლემა არ არის. თუმცა, ამ ქვეყნიდან ხორბლის შესყიდვის ფასი უფრო ძვირია, უფრო სწორედ, სატრანსპორტო ხარჯი ბევრად მეტია, რაც ყველა შემთხვევაში საბოლოო პროდუქტზე ფასის ზრდას გამოიწვევს. მსოფლიოში ძირითადად, რუმინეთის პორტებზე ხდება გადასვლა. მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც ხორბლის მომხმარებელია და პროდუქტს შავი ზღვით იღებდნენ, მათ შორის, ეგვიპტე, ალჟირი, სხვა ბაზრებზე გადაერთნენ.
ზოგადად, მსოფლიო ბაზრებზე ფასი იზრდება, რადგან ხორბლის მიწოდება შავი ზღვის აკვატორიიდან შეწყვეტილია. პარიზის ბირჟაზე 1 ტონა ხორბალი 30 აშშ დოლარით გაძვირდა ერთ დღეში. იგივეა ამერიკის ბირჟებზე. ამ კონფლიქტის გამო თავად რუსეთმა ხორბალი სხვადასხვა ქვეყნებს ვერ მიაწოდა,“ - აცხადებს სილაგავა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაცია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ ქვეყანაში ხორბლით მომარაგება სრულად აღდგეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 2 თვიანი მარაგების გაკეთებაც, განსხვავებით ამ რეალობისგან, როდესაც ქვეყანაში შემოდის მხოლოდ ფქვილი, რომლის მხოლოდ 1 თვიანი მარაგების გაკეთებაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა. რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.