სოფლის მეურნეობა
23/05/2021

ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალი

ქართულ ჩაის საერთაშორისო ბაზარზე ხარისხის სიმბოლოდ ქცევის შესაძლებლობა აქვს, ამ შედეგის მიღწევას კი საქართველო დარგში ცოდნასა და ტექნოლოგიაში სწორი ინვესტირებით შეძლებს.

საქართველოსთვის ამ უძველესი კულტურისა და დარგის განვითარების შესაძლებლობები FAO-მ (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ) და EBRD-იმ (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა) შეისწავლეს.

კვლევაში, სადაც ქართულთან ერთად აზერბაიჯანული ჩაის პერსპექტივაც არის მიმოხილული, ნათქვამია, რომ ორივე ქვეყნის ჩაისადმი საერთაშორისო ბაზარზე ინტერესი იზრდება, მწარმოებლებს კი აქვთ პოტენციალი ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერითა და დადებითი რეპუტაციით საერთაშორისო ბაზარზე წილი გაზარდონ.

რაც შეეხება მხარდაჭერას, ამაში იგულისხმება სამთავრობო პროგრამები. მაგალითად, საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს დაწყებული ჩაის აღორძინების პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში უახლოეს წლებში 7000 ჰექტარზე არსებული და მიტოვებული პლანტაციის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ამავდროულად აზერბაიჯანელ და ქართველ მწარმოებლებს დაეხმარება ადგილობრივი ჩაის უნიკალური თვისებებიც, რაც განპირობებულია ჩაის წარმოების რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობა და კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობები. „მისი წარმოება შესაძლებელია თითქმის ნულოვანი ქიმიკატების გამოყენებით, რაც ქმნის ორგანული პროდუქტის წარმოების საინტერესო შესაძლებლობებს ორივე ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობასა და ეკოლოგიას“, - განმარტებულია კვლევაში.

FAO-ს გენერალური დირექტორის თანაშემწემ და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონულმა წარმომადგენელმა ვლადიმერ რახმანინმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის სექტორის კვლევის 21 მაისს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩაის წარმოების საუკუნოვანი მემკვიდრეობის შენარჩუნება და უნიკალური თვისებების პოპულარიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხის გაუმჯობესება.

EBRD-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და თურქეთში აგრობიზნესის რეგიონალური ხელმძღვანელის ვოიტეკ ბონიასზუკის მოსაზრებით, საერთაშორისო ბაზარზე ჩაის მძლავრი კონკურენტული გარემოს მიუხედავად, მეურნეობისა და გადამუშავების დონეზე ცოდნასა და ტექნოლოგიაში სწორი ინვესტირებით, აზერბაიჯანული და ქართული ჩაი შესაძლებელია, ხარისხისა და მდგრადობის აღიარებული სიმბოლო გახდეს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო XX საუკუნის 80-იან წლებში, ყოფილ საბჭოთა კავშირის უდიდეს ნაწილს ამარაგებდნენ ჩაით. კვლევაში მითითებულია, რომ იმ დროისთვის, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში რიგით მეოთხე ადგილს იკავდებდა ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, ინდოეთის, ჩინეთისა და შრი-ლანკას შემდეგ.

მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისში,  საბჭოთა კავშირის დაშლამ ორივე ქვეყნის ჩაის სექტორის მკვეთრი ჩამოშლა გამოიწვია. დღეს, საერთო  წარმოებით, რაც დაახლოებით 3000 ტონაა, ისინი წარმოადგენენ გლობალური ჩაის წარმოების 0,05%-ია.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩაის სექტორების განვითარებისათვის პოტენციურ რისკებს შორის სახელდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, კერძოდ, როგორც წესი, ტემპერატურის  და ნალექების მატება იწვევს ახალი მავნებლების გავრცელებას, რაც ქმნის პესტიციდების გამოყენების და ნიადაგის მორწყვის აუცილებლობას, რისი საჭიროებაც ამჟამად არ დგას.

 

Businesspartner