სოფლის მეურნეობა
01/02/2022

ანიგოზი: ჩინური კაკალი ქართულის კონკურენტია

საერთაშორისო ბაზარზე საქართველოდან გაგზავნილი ნიგვზის კონკურენტი ჩინეთია. როგორც კომპანია „ანიგოზის“ დამფუძნებელოი ანა ქევხიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ჩინეთი აქტიურადაა წარმოდგენილი, ქართული ნიგოზის ხარისხი უფრო მაღალია, თუმცა, ფასი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია.

„ვიზუალური მაჩვენებლები აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ჩინეთის კაკლეულმა მოიცვა როგორც ევროპის ბაზარი, ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსეთში. მათი ფასი ძალიან დაბალია. ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენი პარტნიორები  უნდა იყვნენ და რომელზეც ფოკუსირებულია ჩვენი ნედლეული, ჩინურთან შედარებით მაღალი ფასის გამო ვერ შევდივართ,“ - აღნიშნავს ქევხიშვილი.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე პრობლემას ქართული კაკლის დაბალი ცნობადობაც ქმნის. „ანიგოზის“ დამფუძნებელი  განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ კაკალზე ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ქვეყანას იცნობენ როგორც თხილის მწარმოებელს და არა - კაკლის.

„ამ პრობლემის გადაწყვეტას  სჭირდება დრო და სახელმწიფო პროგრამების მხრიდან აქტიური დახმარება, რათა ჩვენნაირი კომპანიები საერთაშორისო  გამოფენებზე წარდგნენ,“-აცხადებს ქევხიშვილი.

ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე (გუდვილი, აგროჰაბი)  ახდენს, მოლაპარაკებების  დადებითად დასრულების შემთხვევაში კი  პროდუქცია ექსპორტზეც გავა.

„ექსპორტის დაწყება მარტივი არ არის, გაგზავნილი გვაქვს ნიმუშები ევროპის და გალფის ქვეყნებში,“ - აცხადებს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ქართული კაკალი საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანია. რაც შეეხება ვიზუალურ მაჩვენებლებს, ის მომავალ წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერები იღრმავებენ ცოდნას ბაღების სწორად მოვლის თვალსაზრისით. ქევხიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით დახმარება დიდია.

შეგახსენებთ, კომპანიამ "ანიგოზი" 2.5 მილიონი ლარის ინვესტიციით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში კაკლის გადამმუშავებელი საწარმო  2021 წელს გახსნა. საწარმოს მაქსიმალური წარმადობა 500 ტონა კაკლის გადამუშავებაა.

კომპანია ნედლეულად საკუთარი ბაღების გარდა, მცირე ფერმერებისგან შეძენილ პროდუქტს იბარებს. კომპანია წელს კაკალს საქართველსო ყველა რეგიონიდან ჩაიბარებს.  უკვე მზა მასალა (ლებნები) კი, ბაზარზე ვაკუუმ შეფუთვით, ამჟამად, „გუდვილის“ და „აგროჰაბის“ ქსელში  იყიდება.