"წელს პროფესიული განათლების მისაღებად 3 ათასით მეტი ადამიანი დარეგისტრირდა"
პროფესიული განათლების სექტორი წლიდან წლამდე იზრდება. მზარდია იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ჩვენთან ცოდნის მისაღებად მოდიან, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს, საქართველოში 27 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა პროფესიული განათლების მისაღებად და ეს მაჩვენებლი თითქმის 3 ათასით მეტია, გასული წლის მონაცემებზე.
„გაზრდილია 1 ადგილზე დარეგისტრირებული კანდიდატების რიცხვიც და ერთ პოზიციაზე 6-7 მსურველიც კი მოდის, რაც ადრე არ ხდებოდა. ყველაზე მოთხოვნადი პორფესიებია სამშენებლო სფერო და ინჟინერია, ასევე ტურიზმი და სამედიცინო მიმართულება, მედდების მომზადება/გადამზადების კუთხით. ბოლო წლებში, გააქტიურდა სოფლის მეურნეობის მიმართულებაც“, - აღნიშნა მათე ტაკიძემ.
რაც შეეხება პროფესიული განათლების სექტორის განვითარების საქმეში ბიზნესის როლს, მისი ინფორმაციით, კერძო სექტორი სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში ინვესტიციებით უკვე შევიდა, რასაც ბიძგი ქვეყანაში კადრების დეფიციტმა მისცა.
„ბიზნესს იმდენად ბევრი პრობლემა გაუჩნდა, დეფიციტური კადრების მიმართულებით, რომ ბიზნესი შემოვიდა ინვესტიციებით კოლეჯებში. მათი ინვესტიცია არ არის მხოლოდ მხარდაჭერითი ნაწილი, არამედ ეს არის ფინანსური ნაწილი, ლაბორატორიების მოწყობა, ერთობლივი სემინარების ჩატარება, ტრენინგ-ცენტრების მოწყობა. შესაბამისად, ბიზნესის ჩართულობა პროფესიული განათლების განვითარებაში, გვაძლევს დინამიკის გაუმჯობესების საშუალებას“, - განმარტა მათე ტაკიძემ.
ის განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან პროფესიული განათლება სკოლებში შევა. მთავრობამ პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარადგინა. უკვე ცნობილია, რომ მე-10-ე - მე-12-ე კლასების მოსწავლეებს ზოგადი განათლების საგნებთან ერთად, შეეძლებათ პროფესიულ განათლებასაც დაეუფლონ.
მათე ტაკიძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით, პროფესიული განათლების გაახალგაზრდავება მოხდება.
„მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, რომ ძალიან პატარა ასაკშივე შეარჩიონ ერთი კონკრეტული პროფესია, მალევე გამოჩდნენ შრომით ბაზარზე და ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომლის მოძიებაც, დღეისათვის მარტივად არის შესაძლებელი, ვინაიდან ბიზნესის მხრიდან სპეცალისტებზე დიდი მოთხოვნაა“, - განაცხადა კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა.
ტაკიძე განვითარებული ქვეყნების მაგალითზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იქ პროფესიული და აკადემიური განათლება ერთმანეთს გათანაბრებულია და ახალი ინიციატივით, სამომავლოდ, იგივე შედეგი საქართველოშიც მიიღწევა.
მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში, პროფესიული კოლეჯების განვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, წელს პროფესიული განათლების ბიუჯეტი 95 მილიონი ლარი იყო.