განათლების მიღების შეფერხებით დაზარალებული ეკონომიკა - გამოწვევები დისტანციურ სწავლებაში
ექსპერტთა ნაწილი განათლების სექტორში დისტანციური სწავლის ხარვეზებზე საუბრობს.
არასამთავრობო სექტორში აღნიშნავენ, რომ გასული წლის მონაცემებით ზარალი, რომელიც განათლების მიღების შეფერხებით ეკონომიკას მიადგება 55 მლრდ-ია. თუ დისტანციური სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები სასწრაფოდ არ გადაიდგა ზარალის ოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება.
როგორც IDFI-ში აცხადებენ, განსაკუთრებულ გამოწვევად ისევ დისტანციური სწავლების პირობებში საჭირო ტექნიკისა და ინტერნეტზე წვდომის არ არსებობა სახელდება. პრობლემურია მასწავლებლების გაზრდილი საშუალო ასაკი და კომპეტენციაც. მნიშვნელოვან საკითხად სახელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებული ენობრივი ბარიერიც.
"განათლების კოალიციაში" ამბობენ, რომ საჭიროა მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება და კონკრეტულად მათზე მორგებული რემედიალური პროგრამების განხორციელება.
IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი გივი ადეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 38%-ს არ აქვს კომპიუტერი, 20%-ს კი არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, მით უმეტეს რეგიონებში სადაც ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია, ეს ნიშნავს რომ პანდემიის დროს და დისტანციური სწავლების პირობებში საკმაოდ რთულია განათლების მიღება.
"საჭიროა რომ სასწრაფო წესით გაიმართოს დისკუსიები რომ მოხდეს დისტანციური სწავლების უკეთესი ფორმით წარმართვა, შემუშავდეს ერთიანი გაიდლაინები და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება", - განმარტავს გივი ადეიშვილი.
განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია განმარტავს, რომ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ უფრო მეტი ზიანი მიიღეს სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა, ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის წარმომადგენლებმა, ანუ მოწყვლადმა ჯგუფებმა.
"ამ ჯგუფებისათვის უნდა შეიქმნას სპეციალური რემედიალური პროგრამები, შესაბამისად თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა სერიოზულ ზიანს მივიღებთ, შესაძლოა ეს მიტოვების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს, შესაბამისად უთანასწორობა გაიზარდოს, აკადემიურ მოსწრებაში ჩამორჩენა და ბავშვთა გაზრდილი სტრესი მივიღოთ და რაც ყველაზე მთავარია, იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება სკოლებისადმი.