საზოგადოება
11/11/2020

ყაზახეთის ახალ საპატიო კონსულად საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი დაინიშნა

პანდემიის მიუხედავად, საქართველო და ყაზახეთი განაგრძობენ თანამშრომლობის გამყარებას. გიორგი ჯახუტაშვილი საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულად ოფიციალურად 2020 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს კი ქალაქ რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა ყაზახეთის საპატიო საკონსულოს დაწესებულება. დაწესებულებას ორი საკონსულო ოლქი აქვს: ქვემო ქართლსა და მცხეთა - მთიანეთში.

ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების ფუნქციებში სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად შედის:

  • ყაზახეთის მოქალაქეთა (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა) კანონიერი ინტერესების დაცვა საქართველოში;
  • საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების, ასევე, მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისთვის ხელის შეწყობა.

საპატიო საკონსულო დაწესებულება ოფიციალურად ყაზახეთის საპატიო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბ-ნმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა, ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში ბ-ნმა გიორგი ჯახუტაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გახსენს.  ცერემონიას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, ქალაქ რუსთავის მერი, ქალაქ რუსთავის მერის პირველი მოადგილე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე და სხვები.

ღონისძიება კოვიდ19-ის პანდემიის გამო არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. გახსნას მხოლოდ 10 ადამიანი ესწრებოდა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ყაზახეთის მეორე საპატიო საკონსულო გაიხსნა საქართველოში. წარმომადგენლობის გახსნა ყოველთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავხსნათ საპატიო საკონსულოები, რადგან მათი საქმიანობა სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის კეთდება, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბიზნეს ურთიერთობებს, კულტურულ ურთიერთობებს და საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ყახაზეთისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე.“ - განაცხადა ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ბ-ნმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანია ქვეყანაში მეგობარი სახელმწიფოს საპატიო საკონსულოების არსებობა. როგორც წესი, საპატიო კონსულები გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანები არიან, ხშირად ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ.  ძირითადად, ეს არის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული, სოციალური მიმართულებებით თანამშრომლობა. ქართველ ხალხს კი, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ყაზახ ხალხთან და მე იმედი მაქვს, რომ საპატიო კონსულის საქმიანობა კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ურთიერთობებს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

„საპატიო საკონსულოს ძირითადი მოვალეობები ყაზახეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული თუ სამეცნიერო ურთიერთობების ხელშეწყობაა. ეს სტრატეგიული მანდატი მნიშვნელოვნად შეუწყობს  ხელს  ქართულ-ყაზახური თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩემი კომერციული საქმიანობა ინვესტიციების მართვაა. ყაზახეთის წილი საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საკმაოდ მაღალია. ჩემი გუნდის მისიაა, მიმდინარე პროექტების წარმატების ხელშეწყობა, მათ შორის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით. ასევე ჩვენს მიზანს წარმოადგენს ახალი კავშირების დამყარებით, საქართველოსა და ყაზახეთის შესაძლებლობების  მაქსიმალური რეალიზება.'' - განაცხადა ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში ბ-ნმა გიორგი ჯახუტაშვილმა.

სახელმწიფოებს შორის საკონსულო ურთიერთობები ორმხრივი შეთანხმებით მყარდება. საკონსულოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები აღიარებენ, რომ საკონსულო ურთიერთობები მუდმივად მყარდებოდა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, განსაკუთრებით აღსანიშნავია, თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023