საზოგადოება
15/03/2023

ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების 2 ახალი პროგრამა შემუშავდა

ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს ახალი პროგრამები.

„ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის განვითარების ფონდი სრული დატვირთვითაა ჩართული ძველი თბილისის, ისტორიული უბნების განახლება-რეაბილიტაციის პროცესში. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში,  გამგეობები ახორციელებენ ათეულობით ასეთი შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეაბილიტაციას. იმდენად ბევრი შენობაა ავარიული, რომ მხოლოდ ამ პროგრამებით რთული იქნება მივიღოთ შედეგი, რასაც საზოგადოება ელოდება. ჩვენ ავამოქმედეთ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ძველ თბილისს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებია, იქ არსებულ პროგრამას ვერ გამოვიყენებდით. რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ, მე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შეემუშავებინათ კონკრეტული ხედვა და პროგრამა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ისტორიულ უბნებში. გუნდმა დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად, იმუშავა და შემუშავდა ორი პროგრამა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.

„პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბიზნესი, ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები. 

გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. ამდენად, ბიზნესის ჩართულობის ეს მოდელი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობები არ განხორციელდეს ზედმეტი მოცულობებით და მაქსიმალურად დავიცვათ ისტორიული უბნების იერსახე, მეორე მხრივ კი, დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ავარიული სახლების მესაკუთრეებს, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი და ყოფითი პირობები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, კახა კალაძის თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს.

„მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში, თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მერია მიაწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციის განთავსებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ, აუქციონზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს შევთავაზებთ მესაკუთრეებს და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მოხდება ამ ქონების რეალიზება. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეებს ექნებათ სურვილი, აუქციონი გამოცხადდეს მათ მიერ დასახელებული ფასის შესაბამისად, ცხადია, თბილისის მერია ამასაც სრულად უზრუნველყოფს. ანუ, აუქციონი გამოცხადდება მესაკუთრეების ნების შესაბამისად, მათივე მითითებული ან საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული ფასის თანახმად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023