ფინანსები
11/09/2020

ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას არ ველოდებით - ოთარ ნადარაია

„მტკივნეული თემაა, თუმცა, ერთ დღეში ლარის  3.09-დან 3.11 ნიშნულამდე დაცემა დიდი გაუფასურება არ არის,“ - ასე ეხმაურება „თიბისი ჯგუფის“ მთავარი  ეკონომისტი ოთარ ნადარაია „ბიზნესპარტნიორთან“ ეროვნული ვალუტის დღევანდელი ვაჭრობის შედეგებს.

ნადარაია ვარაუდობს, რომ ლარის კურსი წლის ბოლომდე 3.15 ნიშნულს არ გასცდება. მისი განცხადებით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია რეგიონის ვალუტებიც. ლირა და რუბლი დოლართან გაუფასურდა, თუმცა ევრო და იუანი გამყარდა. ნადარაია ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი აუცილებლად გააგრძელებს ინტერვენციებს.

„ინფლაციაზე ზეწოლა შემცირებულია, საკმაოდ აგრესიულად  მოდის ქვემოთ და ამ კურსის პირობებში წლის ბოლომდე 3%-საც კი მიაღწევს. არსებული ჩარჩოს პირობებში, უნდა გვახსოვდეს, რომ ინფლაციის შემცირება შედარებით უფრო სუსტი ლარის პროგნოზის არგუმენტია. თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ მცირე მასშტაბით. მკვეთრ გაუფასურებას არ ველით, რადგანაც ასეთ შემთხვევაში კურსიდან ინფლაციაზე ზეწოლა ისევ იქნება. ეროვნული ბანკი გააგრძელებს ინტერვენციებს, რადგანაც დანაკლისი რაც გვაქვს შემოდინებებში ძირითადად მთავრობის მიერ საგარეო დაფინანსებით ბალანსდება, თუმცა, არსებული ჩარჩოს მიხედვით, ეს თანხები თავიდან ეროვნულ ბანკში ლარში ხურდავდება და ინტერვენციების გარეშე მხოლოდ ლარის მიწოდებას და ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას მივიღებთ,“ - აცხადებს ნადარაია.

კითხვაზე, ხომ არ იქონიებს ლარის კურსზე კორონავირუსის ბოლო დღეებში დაფიქსირებული მზარდი მაჩვენებლები გავლენას, ნადარაია აცხადებს, რომ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მოკლევადიან პერიოდში ამან ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად არ უნდა იმოქმედოს.

„იმ პირობებში, როდესაც ტურიზმი გაჩერებულია და შესაბამისად ტურისტული შემოდინებების შემდგომი შემცირება შეუძლებელია. შიდა ეკონომიკური აქტივობის შემცირება იმპორტს ამცირებს, რაც ეკონომიკის ზრდაზე ნეგატიურად, თუმცა კურსზე პოზიტიურადაც კი მოქმედებს. მომავალი წლისათვის უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. საამისო არგუმენტი ვაქცინის მოსალოდნელი ხელმისაწვდომობაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე სასტუმროების ფასების ზრდის დინამიკა ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს ასევე იძლევა,“ - აცხადებს ნადარაია.

შეგახსენებთ, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარი გახდა, 1 ევრო კი 3.6929 ლარი ღირს. 

ასევე აღსანიშანვია, რომ სებ-მა გუშინ  მორიგი ინტერვენცია განახორციელდა და სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0975 შეადგინა. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი.

სავალუტო აუქციონზე ეროვნულ ბანკ 13 მარტიდან დღემდე $369,65 მლნ აქვს გაყიდული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები