ფინანსები
26/01/2021

არ მგონია ინვესტორებზე გავლენა მოახდინოს - პაპუნა ლეჟავა Fitch-ის "მხარდაჭერის რეიტინგის" შემცირებაზე

არ ვთვლი, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება ინვესტორების ხედვაზე საქართველოს საფინანსო საბანკო სექტორის მიმართ, - ასე აფასებს სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ 3 მსხვილი ბანკისთვის „მხარდაჭერის რეიტინგის“ შემცირებას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნორთან“ რეზოლუციის ჩარჩოზე Fitch-ის ხედვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შეფასება ამოვარდნილია სხვა სარეიტინგო სააგენტოების, თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებისგან.

„Fitch-ის აზრით, რეზოლუციის ჩარჩოს მიღება ამცირებს მთავრობის მიერ ბანკების დახმარების ალბათობას. ჩემთვის პირადად რთულად წარმოსადგენია, რატომ მცირდება, იმიტომ რომ აქამდე კანონით შეზღუდული ჰქონდა მთავრობას ბანკების კაპიტალში მონაწილეობა. ეს უბრალოდ აკრძალული იყო, ახლა კი, უჩნდება ორგანიზებული ჩარჩო, რის მიხედვითაც შესაძლებელია ბანკის ე.წ  Bail-out-ის გაკეთება“, - ამბობს პაპუნა ლეჟავა.

პაპუნა ლეჟავა აღნიშნავს, რომ Fitch-ისგან განსხვავებით, მაგალითად Moody’s-ი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის ჩარჩო დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგსა და ბანკებზეც კი. მათი შეფასებით, ამ კანონმდებლობის შემოღებით მცირდება ფინანსური სტაბილურობის რისკები, და მაგალითად, კონკრეტულ ბანკებს საკრედიტო რისკი უმცირდება, რადგან მცირდება ერთი ბანკიდან მეორე ბანკზე პრობლემის გადადების რისკი. ამავე რეფორმას დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.  

„იმის გამო, რომ ერთი მხრივ ამ ცვლილებას არ აქვს გავლენა ბანკების საბოლოო რეიტინგზე, მეორე მხრივ კი, დანარჩენი სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებიდან განსხვავებულია ე.წ „ამოვარდნილია“ Fitch-ის შეფასება, არ ვთვლი, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება ინვესტორების ხედვაზე საქართველოს საფინანსო საბანკო სექტორის მიმართ”, - აღნიშნავს პაპუნა ლეჟავა.

აღსანიშნავია, რომ „მხარდაჭერის რეიტინგი“  არის ჯამური შეფასების შემადგენელი ერთ-ერთი ქვეკომპონენტი, რომელიც ამ ეტაპზე ჯამურ რეიტინგზე გავლენას არ ახდენს. „მხარდაჭერის რეიტინგი“ არის ქვედა ზღვარი, რის ქვემოთაც არ შეიძლება კომპანიის რეიტინგი ჩამოვიდეს.

Fitch-მა  სამი ქართული სისტემური ბანკის მხარდაჭერის რეიტინგი 4-დან 5 ქულამდე შეამცირა და ბანკების „დახმარების სარეიტინგო მაჩვენებლები“ (Support Rating Floors - SRFs) „B“ დონედან „მაჩვენებლის გარეშე“ (NO FLOOR) დონემდე დასწია. რეიტინგები ამოღებულ იქნა „რეიტინგის საზედამხედველო ნეგატივიდან (RWN). ეს ბანკებია სს „თიბისი ბანკი“, სს „საქართველოს ბანკი“ და სს „ლიბერთი ბანკი“. რეიტინგების ცვლილება გამოიწვია საბანკო სარეზოლუციო კანონმდებლობის შემოღებამ.

ყველა სხვა რეიტინგი დარჩა უცვლელი, მათ შორის  „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“  გამოშვების გრძელვადიანი რეიტინგები დარჩა “BB-“ ნიშნულზე, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ გამოშვებნის გრძელვადიანი რეიტინგი შენარჩუნდა  “B+” ნიშულზე.

„სარეიტინგო ცვლილებები უკავშირდება საქართველო საბანკო რეზოლუციის ჩარჩო კანონმდებლობის მიღებას, რომელიც, „ფიტჩის“ აზრით, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, წარმოადგენს სარწმუნო მექანიზმს უპირატესი კრედიტორების რესურსების საბანკო კაპიტალში კონვერტაციისთვის (Bail-in). ვფიქრობთ, აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით, შემდგომში შეუძლებელი ხდება  სამთავრობო ფინანსურ დახმარებებზე დაყრდნობა“, - განაცხადა სარეიტინგო სააგენტომ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023