
სუბსიდირებულმა ₾1-მა ₾15.7-ის ინვესტიცია დაასტიმულირა - BDO-ს კვლევა "აწარმოე საქართველოზე"
1 ლარის სუბსიდირებამ 15.7 ლარის ინვესტიცია დაასტიმულირა, ბიუჯეტში გადასახადების სახით 5.4 ლარი შევიდა და შეიქმნა 8.7 ლარის მშპ - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის (საწარმოები/სასტუმროები) ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევა კომპანიამ „ბიდიო“ გამოაქვეყნა.
სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა ან გაფართოვდა 494 საწარმო, 152 სასტუმრო და 6 ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ობიექტი. პროექტების ფარგლებში განხორციელდა 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და სულ შეიქმნა 24 205 სამუშაო ადგილი.
2020 წელს ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია 242 პროექტი. აღნიშნული პროექტები შექმნიან 4 418 სამუშაო ადგილს.
გამოკითხვის მიხედვით, პროგრამის გარეშე ბენეფიციარების 89% ვერ შეძლებდა ან გაუჭირდებოდა ბიზნესის დაწყება/არსებულის გაფართოვება.
პროექტებიდან უმეტესი კომპანია ადგილობრივი წარმოების გარდა, ექსპორტზე არის ორიენტირებული.
გარდა ამისა სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მხარდაჭერილია 6 911 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 79 მლნ ლარია, ჯამში დაფინანსებულია 10 083 ბენეფიციარი და შეიქმნება 17 489 სამუშაო ადგილი.
ძირითად პროგრამებთან ერთად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, ამოქმედდა სხვადასხვა პროგრამა:
მცირე და საოჯახო სასტუმროების თანადაფინანსების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც 1544-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 45 მილიონ ლარზე მეტი.
თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 633-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 9 მილიონ ლარზე მეტი.
თანადაფინანსების მექანიზმი საბავშვო ბაღების და სპორტული ობიექტების ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 76-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 1,2 მილიონი ლარი.
თანადაფინანსების მექანიზმი ღონისძიების ორგანიზატორთა ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 53-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 2,4 მილიონ ლარზე მეტი.
2021 წლის 1 სექტემბრიდან სააგენტოს დაემატება სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესზეა ორიენტირებული.