
სათამაშოების ქართული ბრენდი "მადელაინის" პროდუქცია Amazon-ზე იყიდება
საბავშვო სათამაშოების მწარმოებელი კომპანია "მადელაინის" პროდუქცია Amazon-ზე განთავსდა.
საერთაშორისო პლატფორმაზე პროდუქციის განთავსება კომპანიამ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერით შეძლო.
“მადელაინის“ პროდუქცია ამავე პროექსტის მხარდაჭერით ebay-ზე უკვე იყიდება.
ბრენდის შექმნის იდეა ჰობიდან გაჩნდა და კომპანია დღეს აწარმოებს ქართულ ხელნაკეთ, უსაფრთხო სათამაშოებს 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის.
უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო ბაზარზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით „მადელაინი“ ახალ საწარმოს გახსნის. სათამაშოების მწარმოებელი წარმადობის გასაზრდელად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეს ბათუმში მოაწყობს. ახალ საწარმოში მადელაინი ძალადობის მსხვერპლ და სოციალურად დაუცველ ქალებს დაასაქმებს.
პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.