ბიზნესი
16/12/2021

საიჯარო შეღავათები და მოსაკრებლისგან გათავისუფლება - რა მხარდაჭერას პირდება მერია ბიზნესს

დედაქალაქის საკრებულო მომდევნო კვირას ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე პროგრამის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, რომელთა შორისაა 2020-2021 წლების განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირისგან გათავისუფლება.

„ვახორციელებთ პანდემიით დაზარალებული ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერას. ესენი არიან ძირითადად, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეღავათები გაეწევათ. კერძოდ,  საიჯარო ვადის სახით, დაემატებათ გაცდენილი ორწლიანი პერიოდი. მოხდება ვადაგასული იჯარების აღდგენა, ჩამოეწერებათ სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლებში, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო ქირებისგან. ასევე, ტურისტული ობიექტებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით, მოსაკრებლისგან გათავისუფლების ვაუჩერული პროგრამა ამოქმედდება“, - განაცხადა კქალაქის მერმა.