ბიზნესი
17/08/2021

როგორია კონკურენცია და ფასები საავტომობილო საწვავის ბაზარზე - სააგენტო ანგარიშს აქვეყნებს

საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით, - კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის იანვარი-ივნისის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები მსგავსია რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებულ სურათთან.

- ქვეყანაში 30 ეკონომიკურმა აგენტმა 669 167 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტინ განახორციელა, რაც 3.9%-ით აღემატება 2020 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელს.

- იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - HHI ინდექსმა შეადგინა 1305 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

- 5 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის საერთო წილმა იმპორტში შეადგინა 73.4%-ს, ხოლო სხვა 24 იმპორტიორი კომპანიის წილი - 26.6%-ის ფარგლებშია.

- საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან - 23.77%, რომელსაც მოყვება თურქმენეთი - 23.75% და რუსეთი - 21.1%.

- საერთო იმპორტის 46.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 53.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 65.8%, ხოლო საერთო იმპორტში - 35.1%.

- 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდი, ნედლი ნავთობისა და შესაბამისად პლატსის ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. პლატსის ფასმა 2021 წლის 4 იანვრის 452 დოლარიანი მაჩვენებლიდან, 30 ივნისის მდგომარეობით 56%-ით გაიზარდა და 705 USD შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 3.6%-ით - 12 პუნქტით გამყარდა, ხოლო 5 მსხვილი კომპანიის რეგულარის მარკის საწვავის საშუალო საცალო სარეალიზაციო ფასის ცვლილება დაფიქსირდა 68 თეთრის ოდენობით - 30%.

2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე, ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი შეადგენდა 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებში იყო. ბაზარზე შეინიშნება ახალი ეკონომიკური აგენტებისა და ზოგადად მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურება. შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს - 39.9 %, ხოლო 2020 წელს 43.5%-ს.

2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენდა. 2020 წელს, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

 

 

Businesspartner