რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიაში მომზადებას 310 ფეხბურთელი გადის. როგორც აკადემიის დირექტორი ანა წერეთელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, 3 თვის წინ გახსნილი აკადემია იმაზე მეტად მოთხოვნადი აღმოჩნდა, ვიდრე ეს გათვლილი იყო.
„ფეხბურთელების ეს რაოდენობა სელექციის შედეგად შეირჩა. ჯამში დარეგისტრირებული იყო 750 ბავშვი,მათ შორის საუკეთესოები შევარჩიეთ. პატარა ასაკის ბავშვებს არ სჭირდებათ სელექცია, მათ რეგისტრაციით ვიღებთ. 11 წლიდან კი შერჩევას ვახდენთ.
„ნიუ ვიჟენი“ ყოველწლიურად დაახლოებით 22 ფეხბურთელს და 10 მწვრთნელს მილანში გადასამზადებლად გააგზავნის“- აცხადებს წერეთელი.
"ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში 5-დან 15 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების მიღება წელიწადში ორჯერაა შესაძლებელი. 2023 წლიდან კი აკადემიას 17 წლამდე ასაკის გუნდიც ეყოლება.
რაც შეეხება სწავლის საფასურს, „ინტერის“ საფეხბურთო აკადემიაში სწავლის ღირებულება თვეში 100 ლარია.
„ეს არის სიმბოლური თანხა, რომელშიც არ შედის სპორტული აღჭურვილობის, მათ შორის, ფორმების (ნაიკის ორიგინალი ეკიპირება „ინტერის“ ბრენდირებით) შეძენის ხარჯი. ამ ყველაფრის შეძენა მშობელს უწევს,“ -აცხადებს ანა წერეთელი.
კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც გადასახადიც სიმბოლურია, რამდენად არის ეს პროექტი ბიზნესურად მომგებიანი, წერეთელი აღნიშნავს, რომ "ინტერის" აკადემიის საქართველოში ოპერირება მომგებიანი არ არის. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რენტაბელური, თუ განხორციელდება ტრანსფერები და აკადემიის გაზრდილი ბავშვები სხვადასხვა გუნდებში ითამაშებენ.
„თუმცა, ეს უფრო საქველმოქმედო პროექტია, მიზანი კი სპორტის და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაა,“-აცხადებს წერეთელი.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „ინტერს“ 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა. თბილისში კი იტალიური გრანდის 20-ე საფეხბურთო აკადემია 2022 წლის მარტში დაფუძნდა. რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა პროექტში, ამაზე წერეთელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ პროექტი საქველმოქმედოა და თანხის ოდენობა - კონფიდენციალური.
„ინტერის“ საფეხბურთო სკოლა და აკადემია მოიცავს 4 პატარა და 1 დიდი მოედანი.
„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა აკადემია შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომ პროფილი შეენარჩუნებინა. იმავე ტერიტორიაზე მდებარეობს "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტი ქუთაისის „ტორპედოსაც” ფლობს.