ბიზნესი
24/05/2021

პრემიერი "კრწანისი რესორტ რეზიდენსზე": პროექტის დაწყება ეკონომიკური განვითარებისთვის კარგი სტიმულია

ასეთი პროექტის დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან კარგი სტიმულის მიმცემი პრეცენდენტი და მაგალითი, მით უმეტეს პანდემიის ფონზე, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა, ინვესტორს, ნოშრევან ნამორაძეს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.

„ეს არის 200 მლნ დოლარის კერძო ინვესტიცია, ათასობით ადამიანის დასაქმებას გულისხმობს ეს პროექტი და რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, რომ ასეთი ეკოლოგიური სივრცე, ახალი რეკრეაციული ზონები შეიქმნება ამ პროექტის ფარგლებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით, ზოგადად ამ დეველოპერულ, სამშენებლო სექტორს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გასული წლიდან მოყოლებული, ვინაიდან, პანდემიის ეს პრობლემა შეეხო ყველას, აბსოლუტურად ყველა სექტორს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ დაარსა. პროექტის ჯამური განაშენიანება 20 ჰექტარს მოიცავს. თანამედროვე დაგეგმარებისა და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია ყველა ტიპის სპორტული სახეობა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. პროექტის 70% რეკრეაციული სივრცეებისა და გამწვანებული ეზოების მოწყობას დაეთმობა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.

Businesspartner