ბიზნესი
07/10/2021

მერიკო გუბელაძე: თუ რესტორანი ამ ზაფხულს არ მუშაობდა, ის საერთოდ დასახურია

ცნობილი რესტორატორი მერიკო გუბელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სარესტორნო ბიზნესში გამოცოცხლება შეინიშნება. მისი განმარტებით, ამას დაემატა კვების ობიექტებისთვის მუშაობის 23:00 საათამდე გახანგრძლივება, რაც ასევე პოზიტიური მოლოდინის საშუალებას იძლევა.

„22:00 საათზე რესტორნის დახურვა ხელს უშლიდა იმათ, ვინც დასაქმებული იყო და მუშაობდა. ამ შეზღუდვის გამო, ზოგი აღარც დადიოდა რესტორნებში. ეს დამატებული 1 საათი ალბათ რაღაცას შეცვლის. რესტორანმა ივნისი-აგვისტოს პერიოდი კარგად იმუშავა, ბევრი ტურისტიც იყო. თუ რესტორანი ამ ზაფხულს არ მუშაობდა, ესე იგი ის დასახურია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნამდვილად იყო იმის რესურსი, რომ მიუხედავად პანდემიისა გემუშავა და შემოსავალი მიგეღო.

ახლა ნაკლები ტურისტია ქალაქში, უფრო ქართველი მომხმარებელია, თუმცა, თავის გატანის რეჟიმში ნამდვილად არ ვართ,“ - აცხადებს გუბელაძე.

რესტორატორი იმედოვნებს, რომ მთავრობა ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის.

„მოვიარე საფრანგეთი, თურქეთი და სტამბულში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ამიშვეს იმიტომ, რომ იმათმა სისტემამ ჩვენი შტრიხ კოდი არ წაიკითხა.

იმედი მაქვს, რომ ეყოფათ ჭკუა და სავალდებულო იქნება ვაქცინაცია, ვისაც არ უნდა აცრა, დაჯდეს სახლში, აღარ უნდა შევიდეს არც მაღაზიაში, არც ტრანსპორტში და არც რესტორანში. ეს იქნება ლოგიკური გაგრძელება. ასე არის მთელი მსოფლიო და ასე აცრა საფრანგეთმა მოსახლეობის 83%. ესენი თუ დაჯდებიან და დაელოდებიან, პირობითად, „მაყვალა“ როდის მიხვდება რომ აცრა აუცილებელია და აიცრება, ჩვენ 10 წლის შემდეგ 35-ე ტალღაზეც ვიქნებით.

მე ჩემს რესტორნებში აუცრელ მომხმარებელს და PCR ტესტის არ მქონეს არ ვიღებ. ეს წესი დავაწესე, ჩემი სფერიდან ამაზე არავინ წამომყვა, თუ სახელმწიფო დააწესებს ამ ვალდებულებას, შემდეგ უკვე სხვა გზა არ ექნებათ, ყველას მოუწევს ამის გაკეთებას. ეს არის გამოსავალი, ეს მოიფიქრა ევროპამ, ამერიკამ  და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობს,“ - აცხადებს გუბელაძე.

როგორც ცნობილია, რესტორატორი მერიკო გუბელაძე „შავი ლომის“ და „ლეილას“ მფლობელია. რაც შეეხება „ლისი ლაუნჯის“, ობიექტი პანდემიის გამო დაიხურა და აღარ გახსნილა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა  ერთი საათით გახანგრძლივდა და მათ  22:00 საათის ნაცვლად, მუშაობა 23:00 საათამდე შეუძლიათ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023