
ბიზნესი
28/12/2021
Coca-Cola-მ ესპანურ ბრენდს დავა მოუგო - საქპატენტმა CACAOLAT-ს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია გაუუქმა
The Coca-Cola Company-მ საქართველოში სავაჭრო ნიშანზე დავა ესპანურ ბრენდს მოუგო.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე დავა "კოკა-კოლამ" CACAOLAT-თან ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, სავაჭრო ნიშნის მსგავსების გამო.
"The Coca-Cola Company-მ დაასაბუთა, რომ საქართველოში მისი სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილია, აქვს კარგი რეპუტაცია და სადავო ნიშნის გამოყენება ესპანურ კომპანიას დაუმსახურებლად შეუქმნიდა ხელსაყრელ პირობებს, კოკა-კოლას სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას კი ზიანს მიაყენებდა.
საქმის განხილვისას სააპელაციო პალატის კოლეგიამ დაადგინა, რომ ნიშნებს შორის არსებობს ვიზუალური და ფონეტიკური მსგავსებები, რაც საყოველთაოდ ცნობილობის გათვალისწინებით მათ შორის აღრევას გამოიწვევდა. გარდა ამისა, კოლეგიის გადაწყვეტილებით ნიშანი Cacaolat-ი, მომხმარებელს ადვილად მოაგონებს სასმელს კოკა-კოლა და დაადგენს კავშირს ამ ორ ნიშანს შორის. შესაბამისად, ესპანური კომპანიის სასაქონლო ნიშნის - cacaolat რეგისტრაცია გაუუქმდა, Coca-Cola კი - აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად", - ნათქვამია საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ესპანური ბრენდი საქართველოში 2020 წლის 21 იანვარს არის დარეგისტრირებული.