მსოფლიო
05/11/2021

ბრიტანეთმა Covid-ის სამკურნალო პირველი აბები დაამტკიცა

დიდ ბრიტანეთში Covid-ის საწინააღმდეგო აბებმა აღიარება მოიპოვა, - ამის შესახებ bbc.com წერს.

მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომური მკურნალობისთვისაა განკუთვნილი, დიდი ბრიტანეთის სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა.

მოლნუპირავირის აბს დღეში ორჯერ მისცემენ  რისკ-ჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც კოვიდი მცირე ხნის წინ დაუდასტურდათ.

აღნიშნულმა მედიკამენტმა, რომელიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, კლინიკური კვლევების პროცესში ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი გაანახევრა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ამ წამლით მკურნალობამ სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის „თამაშის წესები შეცვალა“.

„დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის,რადგან დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა  ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, რომლის მიღებაც სახლში, Covid-ის წინააღმდეგაა შესაძლებელი,“ – განაცხადა მინისტრმა.

მოლნუპირავირი, რომელიც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck-მა, Sharp and Dohme (MSD)-მა და Ridgeback Biotherapeutics-მა შექმნეს, არის კოვიდის საწინააღმდეგო პირველი პერორალური ანტივირუსული პრეპარატი, რომლის მიღებაც აბების და არა ვენაში შეყვანის საშუალებითაა შესაძლებელი.

ის მიმართულია ფერმენტისკენ, რომელსაც ვირუსი იყენებს საკუთარი ასლის შესაქმნელად. შედეგად ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომები შედის. ამან კი მის გამრავლებას უნდა შეუწყოს ხელი, რათა ორგანიზშმი ვირუსის დაბალი დონე იყოს და დაავადების სიმძიმე შესუსტდეს.

Merck-ში ამბობენ, რომ ეს მიდგომა ერთნაირად ეფექტიანს გახდის მკურნალობის პროცესს ვირუსის ახალი ვარიანტების პირობებშიც.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ აბები გამოსაყენებლად დასაშვებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდპაციენტებში, რომლებსაც დამძიმების  მინიმუმ ერთი ფაქტორი მაინც აქვთ. მათ შორისაა ჭარბი წონა, ასაკი, დიაბეტი ან გულის პრობლემები.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კონტრაქტის ღირებულებას არ ასაჯაროებს. აშშ-ს მთავრობამ კი წინასწარი შესყიდვა განახორციელა და 1,7 მილიონ კურსში 1,2 მილიარდი დოლარი ანუ ერთ კურსში 700 დოლარი გადაიხადა.

პრეპარატის შეძენაზე კონტრაქტები გააფორმეს ავსტრალიამ, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ.

მოლნუპირავირის კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც 775 პაციენტზე ჩატარდა, დაადასტურა, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ჰოსპიტალიზაცია პაციენტთა 7,3%-ს დასჭირდა. გარდაცვალების შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა.

კვლევის ავტორების განცხადებით, მოლნუპირავირის მიღება აუცილებელია სიმპტომების გამოვლენიდან მალევე, რათა მედიკამენტმა იმოქმედოს. უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში კი ამ მედიკამენტის გამოცდა შეწყდა, რისი მიზეზიც არადამაიმედებელი შედეგებია.

ორი სხვადასხვა ანტივირუსული აბების კვლევას Pfizer-იც ახორციელებს. ანალოგიური წამლის შექმნაზე შვეიცარიული Roche-ც მუშაობს.

jandacva.ge

Businesspartner