ჯანდაცვა
31/08/2023

იტყვის თუ არა კერძო დაზღვევის მქონე ადამიანების ნაწილი უარს ონკო-ლიმიტზე

რა შეიცვლება კერძო სადაზღვევო პაკეტების პირობებში მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ონკოლოგიური სერვისების ყველა მოქალაქისთვის თანაბრად დაფინანსება დაიწყო?

როგორც ცნობილია, 10 აგვისტოდან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ყველა პაციენტს, წელიწადში 25 ათასი ლარის ფარგლებში, ქიმიო და იმუნო თერაპიები, სხივური თერაპია და მედიკამენტები უფინანსდებათ.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა, ბენეფიციარის შემოსავლის მიუხედავად, ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა. საჭირო სერვისებს იღებენ კერძო სადაზღვეო კომპანიაში დაზღვეულებიც.

jandacva.ge-მ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გააშუქა ონკოპაციენტების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ექიმები და თავად პაციენტები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ დისკრიმინაციულია, როცა კერძო დაზღვევის მქონე ადამიანს დაფინანსების დაბალი ლიმიტი აქვს, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა კი, რომელიც უფრო მეტ დაფინანსებას ითვალისწინებს, შეზღუდული აქვს.

რამდენიმე ონკოპაციენტმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისინი დასაქმებულები არიან, ქმნიან დოვლათს, ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს, ონკოლოგიური დიაგნოზის დასმის შემთხვევაში კი კერძო დაზღვევით მხოლოდ მცირე დაფინანსებას იღებენ. ამასთან, მათი თქმით, მათი შემოსავლები ძვირადღირებულ მკურნალობას არ ჰყოფნის. სწორედ ამიტომ ისინი მოითხოვდნენ, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის თანაბარი გამხდარიყო. 

10 აგვისტოდან ამოქმედებული სქემით, სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, სოცდაუცველებთან და სხვა კატეგორიის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონესა და კერძო დაზღვევით მოსარგებლეს, სამედიცინო სერვისები თანაბრად, 25-ათასლარიანი ლიმიტის ფარგლებში დაუფინანსოს.

შესაბამისად, კერძო დაზღვევის მქონე ადამიანებისთვის, ონკოლოგიის ნაწილში „დაშენებული“ პაკეტის პრინციპი ამოქმედდა, როდესაც ნებისმიერი მათგანი სარგებლობს საყოველთაო პროგრამით, „ზემოდან“ კი „დაშენებული“ აქვს კერძო სადაზღვევო ლიმიტი.  

შეცვლის თუ არა ახალი მოცემულობა რაიმეს სადაზღვევო პაკეტებში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მომხმარებლების ძირითადი ნაწილი არა შესაძლო კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე, არამედ დაგეგმილი სამედიცინო სერვისების (ამბულატორია, მედიკამენტები, სტომატოლოგია) ანაზღაურებაზეა ორიენტირებული?

 Jandacva.ge-ს ამ შეკითხვაზე პასუხისას სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ პაკეტების პირობები მომხმარებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, საქართველოში კერძო დაზღვევის მქონე მოსახლეობის უმრავლესობა კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლეა და, შესაბამისად, პაკეტების პირობები დასაქმებულთა მოთხოვნებისა და ინტერესების მიხედვით ფორმირდება. 

„კორპორატიულ დაზღვევას თანამშრომლები ყიდულობენ „ეიჩარის“ მეშვეობით, რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად აღწევს შეთანხმებას სადაზღვევო კომპანიასთან. ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენად ხშირად მოხდება ისე, რომ ონკოლოგიური დაავადებებისთვის განკუთვნილი ლიმიტი ამოიღონ პაკეტიდან (რადგან მას უკვე სახელმწიფო აფინანსებს) და მის მაგივრად სხვა სერვისები ჩადონ. დიახ, ფაქტია, რომ საქართველოში მომხმარებლების უმეტესობა დაზღვევის შეძენისას ფიქრობს არა დიდ რისკებზე, არამედ იმაზე, რაც დასაფინანსებელია მომავალ წელს - სტომატოლოგიაზე, ამბულატორიაზე, მედიკამენტების შეძენაზე. თუმცა კონკრეტულად რა შეიცვლება პაკეტებში, ეს ცალკეულ შემთხვევებზე და ცალკეულ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

აგვისტოდან ამოქმედებულ სიახლეზე კი ამბობს, რომ ეს ცალსახად დადებითი გადაწყვეტილებაა, რაც ონკოლოგიური რისკების შეფასებას ეფუძნება. თუმცა აცხადებს იმასაც, რომ თანამედროვე ონკოლოგიური სერვისები ძალიან ძვირადღირებულია და მათთვის ხშირ შემთხვევაში 25 ათასლარიანი ლიმიტი არაა საკმარისი. ამიტომ,მისი განცხადებით, რეფერალური და მუნიციპალური პროგრამებით სარგებლოლბა ისევ აქტუალური იქნება. 

იქნებოდა თუ არა უფრო ეფექტიანი, მომხდარიყო არა ფრაგმენტული ცვლილება ერთ კონკრეტულ დაავდებასთან მიმართებაში, არამედ სისტემური სიახლე - დაშენებული პაკეტის პრინციპის ამოქმედება? ან მეტიც - უნივერსალური პაკეტის შექმნა, რომლის შემოღებასაც სპეციალისტები დიდი ხანია ითხოვენ და რომელიც ყველა დაავადებას თანაბარი ლიმიტით დაფარავდა?  - Jandacva.ge-მ ამ კითხვით სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელს მიმართა.

დევი ხეჩინაშვილის თქმით, ამ კუთხით პირველ ეტაპზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა დაშენებული პაკეტების განზოგადება და მისი ყველა მოქალაქისა და ყველა სამედიცინო სერვისზე ამოქმედება. აღნიშნული პრინციპი ამ ეტაპზე მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილზე ვრცელდება და ინდუსტრია წლებია, ითხოვს, ეს უფლება ნებისმიერ ადამიანს მიეცეს. ამასთან, დევი ხეჩინაშვილი ამბობს იმასაც, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, რომელსაც ექნებოდა საშუალება, ყველა დაავადების მკურნალობა სრულად დააფინანსოს.

შეგახსენებთ, რომ, გარდა კორპორატიული დაზღვევისა, ქვეყანაში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას ცალკე შეთავაზების სახით, სთავაზობენ ონკო-დაზღვევას.

jandacva.ge

Businesspartner