ფინანსები
21/03/2022

"ომის პირობებში რა მოუვა ლარს, ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხი არ არსებობს"

ეკონომისტი აკაკი ცომაია „ბიზნესპარტნიორთან“ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეულ შედეგებსა და მის გავლენას ეროვნულ ვალუტაზე მიმოიხილავს. მისი განცხადებით, რთულია იმის განსაზღვრა, შექმნილ ვითარებაში ლარი გამყარდება თუ გაუფასურდება.

მისი განცხადებით, ეს დამოკიდებულია მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს საქართველოში.

„ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შემცირდება ფულადი გზავნილები როგორც რუსეთიდან, ისე დანარჩენი მსოფლიოდან; ასევე რამდენი ხანი გააგრძელდება მსოფლიოში ნავთობზე ფასის ზრდა. მნიშვნელოვანია და ბევრი რამ დამოკიდებულია მსოფლიოში ხორბლის ექსპორტზეც. ცნობილია, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში ხორბლის მოსავლის 20%-ის ექსპორტიორია.

თუ ამ ქვეყნებმა თავიანთი პროდუქცია არ/ვერ გაყიდეს, მაშინ შესაძლოა ხორბალი გაძვირდეს. მსოფლიოში თუ ფასები გაიზრდება, ინფლაცია საქართველოზეც მოახდეს გავლენას,“ - აცხადებს ცომაია.

მისივე განმარტებით, პრობლემა შეიძლება შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პარტნიორებთანაც. არსებობს რისკი, რომ შემცირდება სავაჭრო მოცულობები, ანუ შემცირდება საქართველოდან ექსპორტი, რადგან მათ შეიძლება ვეღარ შეძლონ იმ რაოდენობის პროდუქციის ყიდვა, რასაც აქამდე ყიდულობდნენ. ეს კი უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

„ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ცხადია, აღნიშვნის ღირსია მოლოდინები სავალუტო ბაზრებზე. ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება ლარი ან გააუფასუროს, ან გაამყაროს. რა მოუვა ლარს, ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხი არ არსებობს,“ - აცხადებს ცომაია.

შეგახსენებთ, დღეს გამოქვეყნდა TBC Capital-ის კვლევა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეულ შედეგებზე და მოლოდინებზეა საუბარი. კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია.

რაც შეეხება ლარის კურსს, 21 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.23 თეთრით 3.2219-მდე გაუფასურდა.