რაჭული სოჭის მოპოვებაზე სალიცენზიო პირობები იცვლება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭული სოჭის მოპოვებაზე რეფორმას გეგმავს. საუბარია, სალიცენზიო პირობების განახლებაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უწყება განახლებულ პირობებზე მუშაობას სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლომდე დაასრულებს.
„ლიცენზია გაიცემა სოჭის გირჩზე და მოპოვება ხდება კომერციული მიზნით მხოლოდ ექსპორტისთვის. არასაექსპორტო მიზნით გირჩის მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება. საქართველომ მიიღო ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ახლა მტკიცდება კანონქვემდებარე აქტები. ექსპორტისთვის სოჭის მოპოვება არ საჭიროებს ლიცენზიის მოპოვებას იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული სოჭის გირჩის საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 5 კილოგრამს,“ - აცხადებს ამირგულაშვილი.
მისი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში სოჭის გირჩის მოპოვების 19 ლიცენზიანტია, აქედან ყველა მათგანი გადახედვას ექვემდებარება. როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, ეს პროცესი შესაძლოა წლის ბოლოსთვის განხორციელდეს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩამოყალიბდება სალიცენზიო პირობები, ამირგულაშვილი განმარტავს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„განისაზღვრება ახალი პირობები, ახლა არსებული ლიცენზიები დიდი ხნის წინათაა გაცემული, ამიტომ, გადასახედია როგორც კვოტების, ისე ფასის საკითხიც. ეს კი შრომითი ურთიერთობის და ხელშეკრულების საკითხსაც დაარეგულირებს. ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ახლა შესწავლას გადის სამინისტროს უწყებებში. სავარაუდოდ, გადაიხედება როგოოც გარემოს დაცვის არამერქნული მოსაკრებელის ოდენობა, რომელიც ახლა 0.60 ლარს შეადგენს, ასევე სალიცენზიო მოსაკრებელიც. ამ საკითხზე კონსულტაციები გვექნება მათ შორის, ლიცენზიანტებთან,“ - აცხადებს ამირგულაშვილი.
მისი განცხადებით, რეფორმის შემდეგ დამატებით ბენეფიტებს მიიღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტიც.
საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წელს გავიდა 35 315 კილოგრამი სოჭის თესლი. მისი ექსპორტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის: დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. როგორც ამირგულაშვილი აცხადებს, საქართველოდან 2019 წელს 14 964 (1.7 მლნ ლარი) კილოგრამი სოჭის თესლი იქნა ექსპორტზე გატანილი, ხოლო 2018 წელს - 51 161 კილოგრამი (3.2 მლნ ლარი).
ცნობისთვის, გირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში სექტემბერშია.სოჭის გირჩის მოპოვება ხდება სამცხე-ჯავახეთში, თუმცა, უდიდესი ნაწილი რაჭაში ხდება.