"ინვესტირებული 600 მლნ-დან მხოლოდ 9 მლნ-ია სააქციო კაპიტალი, დანარჩენი რეინვესტირებაა"
საქართველოს ბიზნესასოციაციის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი კომპანიების საქმიანობასა თუ ინვესტორების განწყობებზე დრამატულ გავლენას ახდენს. განწყობები კი შემდეგ რიცხვებში აისახება და ნეგატიური სტატისტიკის სახით ვლინდება.
ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს აანალიზებს.
„კომპანიები, ინვესტორები, თუ ის ადამიანები, ვისაც შეიძლება ქეში ჰქონდეს, ფიქრობენ, რომ კრიზისის დროს მისი შენარჩუნება ყველაზე კარგი საშუალებაა. ერიდებიან ინვესტიციების გაკეთებას. იმ 600 მილიონიდან მხოლოდ 9 მილიონია სააქციო კაპიტალი. დანარჩენი რეინვესტირებაა. ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 400 მილიონი, საფინანსო სექტორზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან თანხა არ გავიდა და ინვესტორებმა ის ქვეყანაში ჩატოვეს. სწორედ იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც ისევ კრიზისიდან გამომდინარე, კონკრეტულად კომპანიების წინაშ დგას. ამ კრიზისს დრამატული გავლენა აქვს კომპანიებზე, ბიზნესზე, ზოგადად ეკონოიმკაზე. ეს ყველაფერი კი რიცხვებში სტატისტიკის სახით აისახება“,- აღნიშნა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანა რამდენიმე გამოწვევას ებრძვის. მთავარი კი მათ შორის კორონა ვირუსის პანდემია და არსებული პოლიტიკური არასტაბილურობაა.
„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს უჭირს ივარაუდოს, როგორი იქნება მაჩვენებლები სამომავლოდ.
„ძალიან ცუდ ველში ვართ იმიტომ, რომ კორონა ვირუსი და პოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული კრიზისი ერთმანეთს ემთხვევა. გლობალურად ვაქცინაციის პრობლემაა, შესაბამისად, ჯამურად ეს ქმნის იმ არახელსაყრელ გარემოს, რომელიც ბიზნესისთვის მიმზიდველი არ არის. დღეს პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, რა გველის. ველოდებით, იქნება თუ არა ვაქცინაცია და რამდენად დავგიცავს ეს, თუ მანამდე იქნება მესამე ტალღა, რომელიც კიდევ უფრო გაგვირთულებს სიტუაციას. მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული ინვესტიციების შემოდინებაც. მინდა დავიჯერო, რომ წლის მეორე ნახევრიდან სიტუაცია გამოსწორდება. ბევრი ვაქცინა შემოდის და ვაქცინაციის პროცესიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება. იმის გამო, რომ ადამიანები თავისი ბუნებით სოციალური არსებები არიან, ვაქცინაცია და შემდეგ უკვე საზღვრების გახსნა გამოიწვევს ვიზიტების საკმაოდ დიდ ბუმს. ეს კი წლის ბოლოსთვის პოზიტიურად უნდა აისახოს ჩვენს ეკონომიკაზე“,- განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
საქსტატი შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ასახელებს რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ დოლარით შეამცირა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა 49.9%-ით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9%-ით, მესამეზე - თურქეთი 17.5%-ით. მთლიანობაში სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3% შეადგინა.
სამი უმსხვილეს სექტორზე მოდის განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 93%. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 400.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.9%-ია. მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 101.5 მლნ დოლარით, მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ დოლარით.