ეკონომიკა
28/04/2022

გელა ხანიშვილი: წისქვილკომბინატებს რთული პერიოდი აქვთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი გადაჭარბებულს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის.

როგორ მან "ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, ამ თვეში (დღეის მდგომარეობით) ქვეყანაში  8200 ტონა ხორბალია შემოსული.

მისი თქმით, ხორბალი შემოდის რუსეთიდან სხვადასხვა მარშრუტით, მათ შორის, გარდაბნიდან, ლარსიდან და ა.შ. ამავე დროს, დღეის მდგომარეობით შემოსულია 15 000 ტონა ფქვილი.

„იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობამ დააწესა ექსპორტის გადასახადი ხორბალზე, ადგილზე თავის წისქვილკომბინატებს აწოდებს ექსპორტის გადასახადის გარეშე, ბევრად იაფად (დღევანდელი ფასი 120 აშშ დოლარი). ეს მათ წისქვილებს  საშუალებას აძლევს უფრო იაფად აწარმოონ ფქვილი.

ჩვენმა სახელმწიფომ, იმის გამო, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს იაფი ფქვილი, ბიზნესს მისცა საშუალება, რომ შემოეტანათ ფქვილი, ნაცვლად ხორბლისა. ამის გამო  პრაქტიკულად ყველა წისქვილკომბინატი  ფქვილის იმპორტზე გადაერთო. ამით შევძელით, შეგვენარჩუნებინა სამუშაო ძალა წისქვილკომბინატებშიც და ამავე დროს, მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალურად იაფი პური. ასეთი იაფი ფქვილის წარმოება ჩვენს ქვეყანაში სხვაგვარად შეუძლებელია,“ - აცხადებს ხანიშვილი.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა   ჩვენთვის სასურველი პირობებით რუსეთის გარდა, თუნდაც, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა და ამით წისქვილკომბინატების  შენარჩუნება, ხანიშვილი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას პური საგრძნობლად გაუძვირდებოდა.

„ყაზახური, ევროპული ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხორბალი რუსულზე ძვირია. ევროპული ხორბალი არის მკვეთრად ძვირი, ყაზახური  - ძვირია $20-30-ით (ტრანსპორტირებიდან გამომდინარე). ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ხორბლის შემოტანა წისქვილებისთვის არარენტაბელურია, რადგან როდესაც ბაზარზე არსებობს იაფი ფქვილი, ძვირს ვერ გაყიდი,“-აცხადებს ხანიშვილი.

მისი განმარტებით, ეს არ არის ის გარემო, რომელიც აბსოლუტურად ხელსაყრელია წისქვილკომბინატებისთვის, თუმცა, ჩვენთვის პრიორტეტი მოსახლეობის ინტერსებია.

ხანიშვილის განცხადებით, დღეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არ არსებობს. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ხორბლის შენახვა სტაბილურობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ლოგიკური და სწორია, ვიდრე - ფქვილის. თუმცა, ფქვილის შენახვა თვენახევარი, 2 თვის განმავლობაში შესაძლებელია. 

„როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ 15 000 ტონა ფქვილი შემოვიდა აპრილში და ეს კიდევ გაიზრდება თვის განმავლობაში, სწორდ ეს ქმნის სტაბილურობის განცდას. გრძელვადიან პერსექტივაში უკეთესია იყოს ხორბლის მარაგი, იმუშაონ ჩვენმა წისქვიკომბინატებმა, ვიდრე ფქვილი შემოვიდეს.  თუმცა, ისევ და ისევ მოსახლეობის სოციალური ინტერესის გათვალსიწინებით, გვირჩევნია მივაწოდოთ მათ რამდენადაც შესაძლებელია იაფი პური, ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა,“ - აცხადებს ხანიშვილი.

მისი ინფორმაციით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ წისქვილკომბინატებს რთული პერიოდი აქვთ, თუმცა, ისინი მუშაობენ ნაწილობრივ, არასრული დატვირთვით, ამავე დროს, დღეს ფქვილის ძირითადი შემომტანი მსხვილი წისქვილკომბინატები არიან.