ეკონომიკა
23/12/2021

გაზრდილი უმუშევრობა და ინფლაცია - 2021 წლის შეჯამება

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, გლობალური ეკონომიკა გაუმჯობესებას განაგრძობს და 2021 წელს მისი 5.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

მოლოდინები გაუმჯობესებულია საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც. ამასთან, 2022 წელს 4.9%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.

მისი განცხადებით, 2021 წელს, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი, საბაზო ეფექტის გარდა, ჯერ კიდევ ძლიერი ფისკალური სტიმული, საკრედიტო აქტივობა და მობილობის შეზღუდვების შემდეგ გადავადებული მოთხოვნაა. ამას მოწმობს ეკონომიკურ ზრდაში მოხმარების ძალიან მაღალი წვლილი.

როგორც გონდაური აღნიშნავს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 25,1%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან, იმპორტი გაიზარდა 24,5%-თ, ხოლო ექსპორტი 26,7%ით. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,4%  შეადგინა, რაც შესაბამისად 0,7% და  2,7%-ით არის გაუმჯობესებული 2020 და 2019 წლების  ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77,5% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულს შეადგენენ: ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. აღნიშნულ პერიოდში 10 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში კი 66,9% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან - თურქეთი, რუსეთი, და ჩინეთი. ექსპორტის ზრდა უმეტესად ფეროშენადნობებსა და ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე მოთხოვნის მატებამ გამოიწვია. აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილებისა და სატელეფონო აპარატების ექსპორტმა მოიმატა. თურქეთში ექსპორტის ზრდა ფეროშენადნობებისა და შავი ლითონების ჯართის გაყიდვების მატებით იყო განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიაში კაკლისა და თხილის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან გამოსარჩევია ჩინეთიდან გაზრდილი მოთხოვნა სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე. საქონლის ექსპორტის მატება უმეტესად შუალედური და სამომხმარებლო სახის საქონელზე საგარეო მოთხოვნის მაღალმა ზრდამ გამოიწვია, ხოლო საინვესტიციო საქონლის ექსპორტის მატებამ მცირე წვლილი შეიტანა მთლიანი ექსპორტის ზრდაში.

მისი ინფორმციით, საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა, რაც 1%ით არის გაზრდილი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 3.24% დღეში 1.9 აშშ დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს, ხოლო თითქმის 14% 3.20 აშშ დოლარზე ნაკლებით.

გონდაურის განმარტებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია სოციალური უთანასწორობის მიმართულებით. დაზუსტებული Gini კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო ყველაზე უთანასწორო ქვეყნების ათეულშია.

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორის შეფასებით,2021 წლის მესამე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლარის მიმართ 6.2%-ით, ხოლო ევროსთან 8.1%-ით გამყარდა. ლარი რუსულ რუბლთან და თურქული ლირასთანაც გამყარდა, რამაც, შესაბამისად 5.2% და 8.1% შეადგინა. ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 6.7%-ით, ხოლო წლიურად კი 1.4%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ რეალური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდება ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში, გარდა უკრაინისა.

რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს, მიმდინარე პერიოდში საქართველოში ინფლაციამ 12.5% შეადგინა. მაღალი ინფლაციის მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული არაორდინალური ვითარებაა, რა დროსაც ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა. გონდაურის ინფორმაციით,საქართველოში ინფლაციის მატება მჭიდროდ უკავშირდება მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე აშშ დოლარში გამოხატული ფასების ზრდას. განსაკუთრებით გამოსარჩევია სურსათის გაძვირება. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზეა.

გონდაური  საბანკო სექტორში არსებულ საპროცენტო განაკვეთებსაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ სექტემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0% გახდა. 2021 წლის მესამე კვარტალში განაკვეთები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მცირედით გაიზარდა, რაც, გარკვეულწილად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. სექტემბერში, ივნისთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე მცირედით გაიზარდა 10.0%-მდე, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე მცირედით შემცირდა და 1.9% შეადგინა. საპროცენტო პირობები ლარის იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ იურიდიულ პირების სესხებზე მცირედით გაიზარდა.