ეკონომიკა წელს 4%-ით გაიზრდება - როგორია თიბისი კაპიტალის ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი
თიბისი კაპიტალი, რეგულარული ფრენების ეტაპობრივი განახლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების - 25%-იან, 2022 წელს კი 90%-იან აღდგენას ვარაუდობს.
2020 წლის განმავლობაში, ექსპორტის, გზავნილებისა და ნაწილობრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ შედარებითი მდგრადობა გამოავლინა. ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, 2021 წელს ეკონომიკის ზრდაში ეს შემოდინებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
სუსტი ლარისა და შიდა მოთხოვნის კლების გათვალისწინებით, 2020 წელს საქონლის იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის იანვარში მშპ-ის ვარდნამ 11.5% შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო. თიბისი კაპიტალი 2021 წელს მშპ-ის - 4%-იან, 2022 წელს კი 7.5%-იან ზრდას ელოდება, რაც ტურიზმის სექტორის თითქმის სრული აღდგენით გახდება შესაძლებელი.
სესხების ზრდის პროგნოზი 2021 წელს - 9.5%, 2022 წელს კი 14.0%-ია. მაშინ, როდესაც იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამის დასრულება სესხების ზრდის ტემპს შეამცირებს, მშპ-ის ზრდა და გაუმჯობესებული ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობის ინდექსები, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, სესხების ზრდას გააუმჯობესებს.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 6.0%-იან ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია ისედაც მაღალ ნიშნულზეა მოსალოდნელი და ასევე საგარეო დაფინანსების კუთხით მოზიდული სახსრები საკმარისია, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, ლარის კურსის სტაბილურობაა ნავარაუდები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის გამყარების ალბათობა გაზრდილია.