ბექა ლილუაშვილი: ლარის მერყეობა მართვადია
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პრემიერის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ლარის გაუფასურების მიზეზებს ხსნის.
ბექა ლილუაშვილის მტკიცებით, ეროვნული ვალუტის რყევებზე უდიდეს გავლენას გარე ფაქტორები ახდენს. მისივე თქმით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია ტურიზმის სექტორის პასიურობაც.
ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების მიუხედავად, დეპუტატი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას მდგომარეობის მართვის საშუალება აქვთ.
„დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საუბარია პანდემიის მესამე ტალღაზე, არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და რეგიონში სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტა, მათ შორის, თურქეთისა და რუსეთის, მნიშვნელოვნად უარესდება. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მოქალაქეების განწყობებზე, რომ ეს პროცესები აისახება ლარზე. მოლოდინები იცვლება. შესაბამისად, თუ თქვენ გესაჭიროებათ დოლარის შესყიდვა, დროზე ადრე ახორციელებთ ამ ტრანზაქციას. ეს დამატებით წნეხს აკეთებს სავალუტო ბაზარზე. რა თქმა უნდა, გამოწვევაა ვალუტის კურსი იქიდან გამომდინარე, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო, ანუ ტურიზმი, ფაქტორბივად არ გვაქვს. თუმცა, ეს პროცესი მხოლოდ საქართველოში არ არის და ეს მაქსიმალურად მართვადია ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების მიერ. იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს მდგომარეობის დაბალანსების შესაბამისი რესურსები“,- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა გასული კვირის ბოლოს 0.0245-ით გაუფასურდა, $1/₾3.34-დან, $1/₾3.37-მდე.
სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი კვლავინდებურად აქტიურობს. წლის დასაწყისიდან დღემდე 4 სავალუტო აუქციონი გაიმართა. სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია განხორციელდა.
COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.