"არის მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე საგარეო ვაჭრობის 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ"
ISET-ში ელიან, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და პარამეტრები 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა, როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, გიორგი მჟავანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, არსებობს პანდემიური რისკებიც, რომლებმაც შესაძლოა საგარეო ვაჭრობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
„საგარეო ვაჭრობას და სტატისტიკას თუ დავაკვირდებით ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა შიდა მოთხოვნა არ არის სრულად აღდგენილი და ამიტომ, იმპორტი კვლავ ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს. მოლოდინები არის, რომ წლის ბოლომდე საგარეო ვაჭრობის ზრდა შენარჩუნდება. ამაზე მიუთითებს მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზიც. ანგარიშის მიხედვით, აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარებს ვიდრე წლის დასაწყისში იყო მოსალოდნელი, თუმცა აქ აღსანიშნავია ის, რომ გვაქვს "დელტა" შტამის გავრცელების რისკი, რამაც შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების შემოღება გამოიწვიოს. თუ ეს რისკები რეალუარდ დადგა, მაშინ ეს ფაქტორი უარყოფითად აისახება საგარეო ვაჭრობაზე. ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ 2020 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა იქნება, თუმცა მთავარი მიზანი არის 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს საგარეო ვაჭრობის პარამეტრები,“ - განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.
ცნობისთვის, 2021 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობა 20.7%-ით გაიზარდა. ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში წლიური 25.2%-იანი ზრდა აჩვენა და 1.884 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 19%-ით 4.325 მლრდ დოლარამდე არის გაზრდილი.