ბიზნესი
22/07/2023

ვანო მთვრალაშვილი: მგვ ორგანიზაციებისთვის მთავარი გამოწვევა ე.წ. შავი ბაზარია

გარემოს დაცვითი მოთხოვნების შეუსრულებლობა, გადასახადების გადახდისგან თავის არიდება, ნარჩენების მართვის გეგმის არ ქონა და ე.წ შავი ბაზარი, ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებმა ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე შეაჯამეს.

მგვ ორგანიზაციებმა (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება)  წარმოადგინეს მათ მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში, ასევე გაიმართა დისკუსიები პრობლემების გადაჭრას გზების და მომავალი აქტივობების დაგეგმვის შესახებ.

ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ვანო მთვრალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, რომ  ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების ამოღება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

2023 წლისთვის შესაგროვებელი ნარჩენების სამიზნე მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ნარჩენი ზეთი: 647 ტონა; ნარჩენი საბურავი: 1 326 ტონა; ნარჩენი აკუმულატორი: 500 ტონა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტის ვალდებულების შესრულებიდან 6 თვეში ბაზრიდან ამოღებული იქნა 212 ტონა ნარჩენი ზეთები, 436 ტონა ნარჩენი საბურავები და 98 ტონა აკუმულატორები.

"იმ პირობებში, როდესაც არანაირი პრაქტიკა ამ მხრივ ქვეყანას არ ქონია ის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს შეიძლება უკმაყოფილების განცდას ტოვებდეს, თუმცა ვფიქრობ, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია, რომელსაც ახლავს გამოწვევები. ერთ-ერთია ე.წ შავი ბაზარი, როდესაც არაუფლებამოსილი პირების მიერ ხდება ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების ტრანსპორტირება და გადამუშავება. ეს კი მგვ ორგანიზაციებს ხელს გვიშლის მეტი ნარჩენის ამოღებისთვის.

ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან დგება სამინისტროს წინაშე, განიხილება და მიმდინარეობს პრობლემების გადაწყვეტის გზებზე მსჯელობა. მთლიანობაში პროცესი სწორად მიმდინარეობს."- აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება ბატარეების, აკუმულატორების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობებისა და ნარჩენი ზეთების შეგროვება-გადამუშავებას.