ვაკე პლაზა: პანდემია კომერციულ მიმართულებას უფრო აზარალებს, ვიდრე საცხოვრებელს
მრავალფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზას“ პროექტის ხელმძღვანელის რუსუდან ჩერგოლეიშვილის განცხადებით, უძრავი ქონების სექტორში პანდემია უფრო მეტად, კომერციულ მიმართულებას აზარალებს, ვიდრე საცხოვრებელს. მისი ინფორმაციით, პანდემიის გამო ახალ ოფისებში გადასვლისგან კომპანიები თავს იკავებენ.
მიუხედავად ამისა, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ვაკე პლაზა“ მარტში გაიხსნება და თავისი სეგმენტი მაინც ეყოლება.
„ბევრი დაიწყებს დაბალბიუეჯტიანი ოფისების ძებნას, თუმცა მაინც იქნებიან ისეთები, ვისაც სჭირდება პრემიუმ გარემო. ამის სეგმენტი იქნება, დღეს შეიძლება თავს იკავებენ, მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ ვაქცინის გამო დადებითი მოლოდინები გაჩნდა, შესაბამისად, აქტიურობა სავარაუდოდ დაიწყება,“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
კომერციულ ფართებზე მოთხოვნა რომ მკვეთრად მცირდება ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანიც საუბრობს. მისი ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, ფასების დრამატული ვარდნა არ გვაქვს. პანდემიის დასაწყისში კი ამას ყველა პროგნოზირებდა.
ასათიანი ბიზნეს ცენტრებში გაზრდილ ვაკანტურობაზე და საოფისე ფართების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მოთხოვნა შემიცირებულია საოფისე ფართებზეც. თუმცა, დეკლარირებულ ფასებში დიდ ვარდნას ვერც აქ ვხედავთ.
„როგორც ჩანს, ბიზნეს ცენტრები მაინც ინარჩუნებენ რესურსს და ცდილობენ, რომ არსებული პერიოდი შენარჩუნებული ფასებით გადააგორონ. ვაკანტურობა საკმაოდ მაღალია და რასაც ვხედავთ, არის გარკვეული როტაციაც. გარკვეულ კომპანიებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, რომ გადავიდნენ გაუმჯობესებულ პირობებში. ასევე, ვხედავთ პირიქითაც. ვისი შემოსავლებიც გაუარესებულია მათ დაბალბიუჯეტური ოფისები უნდათ, ხოლო ზოგი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ერიდება დიდ ბიზნეს ცენტრებს და პატარა ბინებში მოწყობილ ოფისებზე გაუჩნდათ მოთხოვნა“,- აღნიშნა მან.