ბიზნესი
21/10/2021

თურნავა: აეროპორტების გაერთიანების კომპანია აქვს პოტენციალი გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ აეროპორტების გაერთიანების კომპანიას აქვს შესაძლებლობა გახდეს დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი.

კომპანია, ნათია თურნავას მოსაზრებით ამას, კორპორატიზაციის გზით მიაღწევს ისევე როგორც ბევრი სახელმწიფო კომპანია.

როგორც იცით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება, მთავრობამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისისთვის დაანონსა, საწარმოებს შორის კი პირველი სახელმწიფო ელექტროსისტემა იყო. პროცესი ასევე მოიცავს საქართველოს რკინიგზის, საპარტნიორო ფონდის, საქართველოს ფოსტისა და სხვა სახელმწიფო კომპანიების რეფორმირებას. ცნობილია, რომ პროცესში მთავრობა კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გადის. 

ამჯერად, ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის (მათ შორის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის) საკითხები მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინთან განიხილა.

„მსოფლიო ბანკთან შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი. სწორედ კორპორატიზაცია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის ამის გზა, რაშიც მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვეხმარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სახით, სადაც უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით, სადაც უკვე ხდება კორპორატიზაციისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შესაბამისი სტრუქტურების, წესებისა და რეგულაციების დანერგვა.

„ამან უკვე მოიტანა ის შედეგი, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა პირველად მრავალი წლის შემდეგ, არის უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner