თანაინვესტირების ფონდი: იმპორტირებული საქონლისგან ბაზრის დაცვა გამოწვევად რჩება
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ მის პორტფელში არსებულ პროექტებსა და პანდემიის გავლენაზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ფონდი ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ოთხ სექტორში სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა და მრეწველობა ახორციელებს, ჯამურად 10-მდე პროექტი. რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს მის პორტფელში დამატებით 10 სასტუმროს პროექტი ერთიანდება.
ებრალიძე აცხადებს, რომ დღეს ნებისმიერი დარგისთვის მთავარი გამოწვევა პანდემიაა. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა მდგომარეობაა თითოეული დარგის მიხედვით ფონდის პროექტების ჭრილში, ებრალიძე განმარტავს, რომ უძრავი ქონების მიმართულებით ფონდის პროექტების უმეტესობა კომერციულ უძრავ ქონებას წარმოადგენს (სასტუმროები, საოფისე ფართები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.).
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ დარგში დღეს ძირითადი გამოწვევა კოვიდი და მისი თანმდევი ეფექტებია, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა სექტორი.
"კომერციული უძრავი ქონების ერთმა ნაწილმა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო საერთოდ დაკარგა შემოსავალი, მეორე ნაწილმა შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი ვერ მიიღო, ეს კი იმის პარალელურად რომ ამ სექტორში ხარჯების შემცირება ძალიან ძნელია და ხშირად გასავლების საკმაოდ დიდ ნაწილს ბანკის სესხის მომსახურების ხარჯი წარმოადგენს", - განმარტავს ცოტნე ებრალიძე.
ენერგეტიკის სექტორში პანდემიამ დროებით შეაფერხა პროექტების განხორციელება, მაგრამ ჯამში მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პრობლემების წინაშე ფონდი არ დამდგარა.
„როგორც ყოველთვის, ახლაც განსაკუთრებით ამ სექტორში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ სწორი პოლიტიკის გატარება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის მეტ ინფორმირებულობაში გამოიხატება,“ - აცხადებს ებრალიძე.
მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის კუთხით, შეიქმნა გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები, თუმცა ჯამში გამოწვევების მიუხედავად სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტი სწორედ ამ დარგმა განიცადა.
„მომავალშიც ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება, ხოლო მას შემდეგ რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება აქაც შეიძლება ტურიზმის და ეკონომიკის ზრდის ფონზე კარგი პროგრესის მოლოდინი.
მრეწველობის მიმართულებით, „ჰაიდელბერგ ცემენტში“ გვაქვს ინვესტიცია განხორციელებული. ამ შემთხვევაშიც სხვა ზემოთხსენებულ სექტორებთან შედარებით პანდემიის ეფექტი ყველაზე ნაკლებად აისახა, რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დამსახურებაა, თუმცა, გამოწვევად რჩება ბაზრის დაცვა იმპორტირებული საქონლისაგან, რომელიც ხშირად სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ან დემპინგურ ფასად შემოდის,“ - აცხადებს ცოტნე ებრალიძე.