ბიზნესი
12/02/2021

Shopshop-ი: ონლაინ სერვისებს განვითარების პერსპექტივა პანდემიამდეც ჰქონდა

ონლაინ გაყიდვების მზარდ ტრენდზე „ბიზნესპარტნიორთან“ პირველი ონლაინ შოპინგ-მოლ Shopshop-ის თანადმფუძნებელი ლევან ახვლედიანი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ამ  მიმართულებას განვითარების პერსპექტივა პანდემიამდეც ჰქონდა.

ახვლედიანი აცხადებს, რომ ონლაინ სერვისებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს  ტრადიციულ რითეილ სექტორშიც. ამის მიზეზი კი არის ნაკლები ხარჯი. ელექტრონული კომერციის დროს საჭირო არ არის მაღაზიის შენახვა, გაცილებით მოქნილია ხარჯის თვალსაზრისით.

სექტორში ყველაზე დიდი  გამოწვევა ხარისხიანი მომსახურება და საოპერაციო ნაწილია, თუმცა, არის წარმატებული მაგალითებიც, ისეთი, როგორიცაა Amazon-ი და სხვა, რომლის მიბაძვითაც და ახალი ინოვაციების დანერგვით შესაძლებელია მომსახურების ხარისხის იმ დონემდე აყვანა, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს.

„საქართველოში ეს მიმართულება ახლა ინერგება, 2-3 წელია რაც ეს ბაზარი ვითარდება, შესაბამისად, დრო სჭირდება დახვეწას, ხარისხის ამაღლებას. ჩვენ ამაზე ვართ ორიენტირებული.  გრძელვადიან ხედვაში ყველაზე წარმატებულები იქნებიან ის ადამიანები, ვინც შეძლებენ ლოიალური კლიენტების ქსელს, ჯგუფს და მათთვის ისეთი მომსახურების მიწოდებას, რომელიც დღეს  დასავლეთშია,“ - აცხადებს ახვლედიანი.

პირველ ონლაინ შოპინგ-მოლ Shopshop-ში ამ ეტაპზე 44 მაღაზიაა წარმოდგენილი, მათ შორის არის როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული წარმოების ბრენდები.შოპინგ მოლში მომხმარებელი Mango-ს, Armani exchange-ს, Evita Peroni-ს, Kash Kash-ის, Hummel-ის, DIESEL-ის, The North Face-ის, Timberland-ის, Rosebud-ის, Gepherrini-ს და სხვა ბრენდების თუ დამწყები კომპანიების პროდუქციის შეძენას შეძლებს.

ახვლედიანის  განცხადებით, ინტერგრაციის პროცესშია Calvin Klein-ი და Benetton-ი.