ბიზნესი
13/04/2021

"შემსუბუქდეს კომენდანტის საათი" - "რითეილ გრუპ ჯორჯია" მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს და  „კომენდანტის საათის“ შერბილებას სთხოვს.

როგორც მაღალაშვილი  აცხადებს, ნებისმიერი შეზღუდვა განხილული უნდა იყოს სექტორების მიხედვით.

„მაგალითად, ჩვენი სექტორი არ წარმოადგენს მაღალ რისკს, თუმცა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში  გადადების მაღალი რისკია. დღევანდელი საათობრივი შეზღუდვების პირობებში დასაქმებული ადამიანი დაახლოებით ერთი და იგივე დროს ჯდება საზოგადოებრივ ტრანსოპორტში, დილით და საღამოს. ჩვენც თუ ადრე ვმუშაობდით ცვლებით, ორ განრიგში, ახლა ვმუშაობთ - ერთში. ანუ, ყველა ვჯდებით დილით ტრანსპორტში 09:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე. ადრე კი იყოფოდა შუაზე. ნახევარი შუადღეს მიდიოდა სახლში, მეორე ნახევარი - საღამოს. ახლა სხვანაირადაა, რაც ზრდის გადადების რისკს. თუ გადაიწევს კომენდატის საათი 1 საათით, ყველა კომპანია იძულებული გახდება ორ ცვლაზე გადავიდეს,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

მისივე განცხადებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, მთავრობა ამ ეტაპზე რითეილ სექტორთან კონტაქტზე არ გამოსულა.

„დაწესებულ შეზღუდვებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ ჩვენს შემთხვევაში თანამშრომლების დადებითობის მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი, 1%-ზე ნაკლები. შესაბამისად, იმედი გვაქვს, ის სფეროები, რომლებიც ახერხებდნენ მიუხედავად გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას, მათ მიეცემათ ეკონომიკური აქტივობის გაგრძელების საშუალება. ის, ვინც ვერ ახერხებს, მათ მიმართ უფრო გამკაცრდება აღსრულება, იქნება ეს ქუჩა, ობიექტები თუ სხვა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ყველა ერთ ქვაბში არ მოვიხარშოთ და ეკონომიკა არ დაზარალდეს,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, მაღალაშვილი აცხადებს, რითეილ სექტორი არ წარმოადგენს მომატებულ რისკს, ამიტომ თუ მთავრობა რეგულაციებს გაამკაცრებს, ამ მომენტს გაითვალისწინებს.

„ბევრი რამ მოხდა გასულ წელს, რასაც არ ველოდით, თუმცა, ყველა ლოგიკით, თუ საუბარი იქნება წერტილოვან შეზღუდვებზე, ჩვენ იმ წერტილებში არ უნდა მოვხვდეთ. ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნო ეკონომიკური აქტივობა იმ ობიექტების ხარჯზე, რომლებიც ახერხებენ რთული შეზღუდვების მიუხედავდ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ“-აცხადებს მაღალაშვილი.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი დღეს მკვეთრად გაიზარდა და 1374 შეადგინა. გარდაიცვალა 11 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელმა 3,66% შეადგინა, ბოლო 14 დღეში – 2,46%, ბოლო 7 დღეში კი 2,58%.