ბიზნესი
31/03/2021

რითეილ გრუპ ჯორჯია: ფასები გაიზრდება, თუმცა მინიმალურად

“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  ლარის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებსა და რისკებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში რითეილ სექტორი მუდმივად დგას ასეთი პრობლემის წინაშე, ლარი ყოველწლიურად უფასურდება, დგება კურსთაშორისი ზარალის მაღალი რისკი, რის შემდეგაც კომპანიები იძულებულნი ხდებიან პროდუქცია გააძვირონ.

მისი განმარტებით, ფასები მიბმულია კურსზე, შესაბამისად, თუ გაუფასურდა ევროში შემოტანილი პროდუქციის ლარში კონვერტირება ფასები უფრო მაღალი იქნება.

„ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ცვლილებები, მაგრამ გარდაუვალია. ფასების ზრდა მოსალოდნელია. ვეცდებით, იმდენად მინიმალური იყოს, რომ ეს მომხმარებელმა არ იგრძნოს,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

კითხვაზე, აისახება თუ არა ფასების გაძვირება გაყიდვებებზე, მაღალაშვილი განმარატვს, რომ ამას ნეგატიური ეფექტი ნამდვილად ექნება.

„ძალიან დიდი დრო სჭირდება ხოლმე იმას, რომ მომხმარებელი შეეგუოს ახალ ფასებს, ეს კი მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში იმპორტიორებს აზარალებს, რადგან მოთხოვნა მცირდება,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

შეგახსენებთ, ლარი ბოლო დღეებში უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3850-ით დაიწყო, 11:45 საათისთვის 1 დოლარი 3.4047-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3846 ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.4500 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3700 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის  ყიდვა 3.3900 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4300 ლარად.

შეგახსენებთ, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.