ბიზნესი
09/02/2021

რატომ ავალდებულებს დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მესამე პირს ზარალის ანაზღაურებას

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, თუ რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სადაზღვევო კომპანიის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მესამე პირიდან თანხის ამოღება.

ხეჩინაშვილის ინფორმაციით, ეს სქემა აპრობირებულია საერთაშორისო დონეზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური სადაზღვევო კომპანიის მიმართ სანქციებს აამოქმედებს და დააჯარიმებს. მისი განცხადებით, ეს არის სამოქალაქო სამართლის სტანდარტი.

„სადაზვევო კომპანია რეგრესის მეშვეობით მესამე პირს სთხოვს თანხას. თქვენ გაქვთ უფლება მესამე პირისგან მიიღოთ ანაზღაურება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ეს თქვენი უფლება გადადის სადაზღვევო კომპანიაზე, რადგან სწორედ მან აგინაზღაურათ ზარალი. ეს რომ ასე არ მოხდეს და სადაზღვევო კომპანიამ მესამე პირს, თქვენს დამაზარალებელს არ მოსთხოვოს ზარალის ანაზღაურება, საგადასახადო სისტემა ამას ჩაუთვლის როგორც საჩუქარს და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს. ჩვეულებრივი ამბავია, ეს არის რეგრესის გამოყენების ვალდებულება.

სადაზღვევო კომპანიას კი მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის პაკეტის მფლობელი ფულს უხდის იმაში, რომ თუ დადგა ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც სხვა, მესამე პირი არ არის ჩართული, ეს ზარალი აანაზღაუროს. ასეთ დროს თანხას გადაიხდის სადაზღვევო კომპანია ისე, რომ ამ ფულს ის ვერავისგან ამოიღებს,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო  დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ამოქმედება, მნიშვნელოვანია.

“რომ იყოს ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ ქვეყანათა რიცხვში და არ იყოს გამონაკლისი, სადაც არ მოქმედებს ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, ამ მომენტს რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ვერავინ შეამჩნევდა. დაზარალებულის დამზღვევი კომპანია დაელაპარაკებოდა დამზარალებლის დამზღვევ კომპანიას და მოაგვარებდნენ საქმეს. ჩვენთან ამ საქმეს წლებია საშველი ვერ დაადგა. ამიტომ, ასეთი უსიამოვნო შემთხვევები სულ იქნება,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის დროს დაზღვეულის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა აუნაზღაუროს მესამე მხარეს ქონების/ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის დაზღვეული ავტომობილის მართვისას.