ბიზნესი
14/09/2021

"პინგვინები" - არაფრისგან შექმნილი დიდი ბრენდი

ცნობილი “პინგვინები“, რომელიც პატარა და დიდი ადამიანების გართობაზე ზრუნავს, არაფრისგან შექმნილი დიდი ბრენდია. კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს დაიწყო და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ინოვაციური მეთოდებით გადაურჩა.

კომპანიის თანადამფუძნებელი სალომე ამირანაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ საქმიანობა სკოლის ღონისძიების წაყვანით დაიწყეს. 15 ლარით შეიძინეს ზოლიანი შარვალი, სახის საღებავები და ჯამბაზის ფორმა ააწყვეს. სკოლის ღონისძიებას დაბადების დღეები მოჰყვა, სადაც ასევე ჯამბაზი ართობდა ბავშვებს. საწყის ეტაპზე ამ ყველაფერში დიდი კაპიტალი არ ჩადებულა - მომხმარებლებს სწორი მარკეტინგით იზიდავდნენ. მიღებული შემოსავალი საქმეს უბრუნდებოდა - დაიწყეს სხვადასხვა ანიმაციური გმირის ფორმის და ტექნიკის შეძენა. 

“2016 წელს ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა შემოგვთავაზა ასეთი კომპანია გაგვეკეთებინა. მაშინც არც კი ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს. ძალიან სახალისო იყო, პოზიტიური და მოვკიდეთ ხელი. ფული არ გვქონდა. საიტებზე დავდეთ უფასო განცხადებები და პირველად, 15 სექტემბერს დაგვირეკეს, სასკოლო ღონისძებაზე წამყვანი სჭირდებოდათ. პირველი შემოსავალი რაც ავიღეთ, უკან ჩავდეთ. ამას მოჰყვა დაბადების დღეზე გამოძახება. თანხის შეგროვება რომ დავიწყეთ, პირველი “სპაიდერმენის“ ფორმა ვიყიდეთ, შემდეგ პრინცესების ფორმები და ა.შ. დაბადების დღეებს მოჰყვა სადღესასწაულო სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ქორწილები, კორპორატიული საღამოები. მას შემდეგ, რაც საჭირო ინვენტარი ვიყიდეთ, ვწერდით სცენარებს, ვდგამდით ფლეშმობს. ვაკეთებდით ყველაფერს, რაც ეხებოდა გართობას. გავაპიარეთ ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტების ქსელი. 15 ობიექტზე შეკვეთა მოგვცა, რაც ჩვენთვის, როგორც პატარა კომპანიისთვის, საოცრება იყო. შემდეგ დაიწყო სარეკლამო კამპანიები. 3 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ნელ-ნელა გაიზარდა და საბოლოოდ საშუალოდ 40 ადამიანს ვასაქმებდი. არ ვრჩერდებოდით, ძალიან ბევრს ვშრომობდით, ყველაფერს ლამაზად ვფუთავდი. ყველაფერი დავივიწყეთ - ოჯახი, მეგობრები, 24/7-ზე ვმუშაობდით. ოფისი რომ დაგვჭირდა, პატარა ფართი ვიქირავეთ, სადაც ზამთარში ვიყინებოდით. 2 წლის განმავლობაში ძალიან ვიწვალეთ. მიზნად დავისახეთ - ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობის, ხარისხიანი კოსტიუმი ექნებოდა. საბოლოოდ დღეს ვართ მეორე კომპანია კოსტიუმების და ინვენტარის რაოდენობით“, - აღნიშნა სალომე ამირანაშვილმა.

პინგვინებმა ბევრი სტუდენტი დაასაქმა და მათ განვითარებაზეც იზრუნა.

“ზოგიერთი სტუდენტისთვის პირველი სამსახური ჩვენ ვიყავით. ბევრს ვასწავლეთ ეს საქმიანობა. დღემდე ასეთი სტრატეგია გვაქვს - თანამშრომლებს ვავითარებდით, ვეხმარებოდით სწავლაში, წინსვლაში. როდესაც გყავს წარმატებული, ჭკვიანი და კმაყოფილი თანამშრომელი, შესაბამისად ის კარგად მუშაობს და კომპანიაც უფრო მეტ მოგებაზე გადის. ვავარჯიშებდით მეტყველებაზე, ვასწავლიდით სოცმედიას, გვქონდა ტრეინინგები“,- ამბობს სალომე ამირანაშვილი.

კომპანია განვითარებას აგრძელებდა და ერთ-ერთ დამწვარ შენობაში გახსნა ცენტრი, რომლის მოწყობასაც დიდი რესურსი დასჭირდა.

“ამდენმა წვალებამ მოგვიტანა ცენტრი. უბრალოდ იქ ხარჯები ვერ გავთვალეთ და რისკები ვერ შევაფასეთ, რადგან პატარები ვიყავით. დიდი ნახტომი გავაკეთეთ. 100 000 ლარის სესხი ავიღეთ, რაც რემონტში დამეხარჯა. აქ ისევ მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები დაგვეხმარნენ და გავალამაზეთ ეს ცენტრი. ნელ-ნელა ვცოცხლდებოდით.

ცენტრში რომ შემოდიოდნენ, თავს გრძნობდნენ, როგორც ოჯახში - ღიმილი, ყავა, ჩაი, დესერტი. მომხმარებელს ზედმეტს არ ვახდევინებდით, რჩევას ვაძლევდით, როგორ დაეგეგმათ ღონისძიება. გაგვიკეთებია 100 ლარიანი ღონისძება და 10 000 ლარიანი ღონისძიებაც. ყველას ვერგებოდით. იმართებოდა დაბადების დღეები. ცენტრი საკუთარ თავს ვერ ინახავდა. გვქონდა გასვლითი ღონისძიებები. ერთი მეორეს აბალანსებდა, რაც ბიზნესში ძალიან კარგია. რამდენიმე საქმიანობამ ერთმანეთი უნდა შეინახოს, სანამ ფეხზე დადგები“, - ამბობს სალომე ამირანაშვილი.

კომპანიამ “ფეხზე დადგომა“ რომ დაიწყო, მოვიდა პანდემია, რასაც მოჰყვა ქვეყნის და ბიზნესის “ჩაკეტვა“.  

“ამ დროს 100 000 ლარის სესხი მაქვს აღებული, რომელსაც ძლივს ვიხდიდი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი, დეპრესია მქონდა, უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავი. ჩაკეტვიდან რამდენიმე თვეში, ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარების ნებართვა მოგვცეს. წავედით ვა ბანკზე და გავუშვით ძალიან მაღალბიუჯეტური რეკლამა. დღეში 10-15 გასვლითი ღონისძიება გვქონდა. ამ დროს კომპანიას მოგება არ ჰქონდა - შემოსავალი თანამშრომლების შენარჩუნებას და იჯარა, პროცენტს ხმარდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდით, ეცოცხლა პინგვინებს, რადგან ხალხს დაენახა, რომ ჩვენ ვართ.

ძალიან კარგი მეიჯარე მყავდა, მეორედ ჩაკეტვის დროს გვერდში დამიდგა და დამეხმარა“, - აღნიშნა სალომე ამირანაშვილმა.

ბიზნესისთვის განმეორებით დაწესებული აკრძალვების დროს “პინგვინებმა“ ალტერნატიული გზა მოძებნა - ცენტრში დაბადების დღის გადახდა სტუმრების გარეშე, ანუ ფოტოსესია. მომსახურებაში შედიოდა ზღაპრის გმირი, ვარსკვლავის გახსნა, ფოიევერკი, ბანერი ბუშტებით. მიღებული შემოსავლით ისევ იფარებოდა კომუნალური და თანამშრომლების ანაზღაურება.

“შემდეგ მოვიდა ახალი წლის პერიოდი და გადავედი საახალწლო ფოტოსესიაზე. ისევ ვისესხე ფული, ვიყიდეთ ძალიან დიდი ნაძვისხეები და საკუთარი ხელებით ყველაფერი უმაღლეს დონეზე გავაკეთეთ. დაიწყო საახალწლო ფოტოსესიები. ამანაც მოგება არ მომიტანა, მაგრამ კომპანია ცოცხალი იყო. წინ რომ არ მიდიხარ საშინელებაა, ძალიან ძნელია ეს. მაგრამ ამ პერიოდში ბევრი გაკოტრდა. თანამშრომლები ერთ მუჭად შევიკარით“,- აღნიშნა სალომე ამირანაშვილი.

ახალი წლის დასრულების შემდეგ კომპანია ისევ გამოწვევის წინაშე დადგა.

“პრინციპი მქონდა - ცენტრი არ დაიკეტება, შენობაში შუქი არ ჩაქვრებოდა. მოვიფიქრეთ ასეთი რამ -დეკორები გაგვეკეთებინა სახლებში. ახლა ყველა მეორე ამ ბუშტებს აკეთებს, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა იყო. დავსხედით დაახლოებით 5-6 თანამშრომელი, დიდი სამოტივაციო თათბირი ჩავატარეთ და დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. დეკორაციების პირველი რეკლამა რომ გავუშვით, პანდემიის პერიოდში დღეში 4-5 დეკორაციის შეკვეთა გვქონდა. ბავშვებს ვჩუქნიდით ემოციებს. ამ დეკორებზეც სახელი გავითქვით და დავიხვეწეთ. ერთ-ერთი მაღალი ხარისხის დიზაინის შემქმნელები გავხდით. დეკორაციებს არ ამოუწურავს თავისი თავი და კომპანიას ისევ ბუშტები შველის“, - ამბობს სალომე ამირანაშვილი. 

ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, როდესაც ყველაფერი გაჩერებული იყო, პინგვინები არ ჩერდებოდა.

“მე არ ვარ მდიდარი. არ გვყოლია ზურგი, რომელიც ფინანსურად დაგვეხმარებოდა. 15 ლარით დავიწყეთ ეს საქმე. ყოველთვის ვცდილობდით სიახლეების შემოტანას. ძალიან ბევრი ახალი კოსტიუმი ჩვენ შემოვიტანეთ. ბევრ რამეში ვიყავით ინოვატორები. პანდემია რომ არ ყოფილიყო, დღეს ალბათ ძალიან წარმატებული და შემდგარი ქალი ვიქნებოდი... ყველაფერი წინ არის“, - ამბობს სალომე ამირანაშვილი.