ბიზნესი
19/01/2021

ნოზაძის მეფრინველეობა: იმპორტირებული ქათამი წყლის ხარჯზეა იაფი

ნოზაძის მეფრინველეობის ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე „ბიზნსპარტნიორთან“  მთავრობის მიერ, ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების 2021 წლის 1-ელ აპრილამდე გადავადებას აფასებს.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ცუდად იმოქმედებს ქართულ წარმოებაზე, რადგან ბაზრის დაახლოებით 70% ისედაც იმპორტირებული ფრინველის ხორცითაა გაჯერებული, ადგილობრივი წარმოება კი არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული.

„გაყინული ქათამი ძირითადად თურქეთიდან შემოდის, რომელიც სავსეა წყლით. გარდა იმისა, რომ ამ წყლის ხარჯზე პროდუქციის ფასი შემცირებულია, თურქეთის მხარე საკუთარ მწარმოებლებს სუბსიდირებას უკეთებს, ჩვენთან კი დემპინგურ ფასში შემოდის და ვერ ვუწევთ კონკურენციას.ამის გამო ადგილობრივ წარმოებას გადაევსო მაცივრები და პროდუქციას რეალიზებას ვეღარ ვახდენთ. იძულებულები ვართ, დემპინგურ ფასში გავყვეთ თურქულ პროდუქციას, საბოლოო ჯამში, კი ზარალზე გავდივართ,“ - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

როგორც ადგილობრივი მწარმოებელი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა უწყების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება გადავადდა. გადაწყვეტილება, რომელიც პროდუქტში გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას ადგენს 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერდა.

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.