გამოწვევა ფარმაცევტული კომპანიებისთვის - ასოციაცია GMP სტანდარტების გადავადების მომხრეა
2022 წლიდან ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა შესაძლოა, საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანიები GMP სტანდარტების დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ.
როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, ამ სტანდარტის დანერგვა კომპანიებისგან მსხვილ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისი ფინანსური რესურსი კი კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია.
ასოციაციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ამ რეგულაციას არ გადაავადებს, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს. ამან კი შესაძლოა, ბაზრის ოლოგოპოლია გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ, მედიკამენტების ფასზე ნეგატიურად აისახება.
ამ დროისთვის საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი 80-მდე კომპანია ოპერირებს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიებიდან ამ მაღალ სტანდარტზე გადასვლის შსაძლებლობა 10-მდე კომპანიას აქვს.
"საკმაოდ დიდი ინვესტიციაა საჭირო, რომელმაც რენტაბელურობა უნდა მოიტანოს მომავალში და გადაიარაღებას აზრი უნდა ჰქონდეს. ჩემი ინფორმაციით, 10 კომპანია მზად არის გადასასვლელად, აქვთ კონკრეტული გეგმაც, თუმცა მათ სჭირდებათ დრო და ვეთანმებით კომპანიებს, რომ სახელმწიფომ ამ რეგულაციის ამოქმედება უნდა გადადოს", - განმარტავს მარგველაშვილი.
აღსანიშნავია, რომ GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობაა. სტანდარტების დანერგვის რეკომენდაციას იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.