"ჩერიმ" ფასიანი ქაღალდები გამოუშვა
ყავის მწარმოებელმა კომპანიამ „ჩერი“ ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. საუბარია, თამასუქზე, რომელიც არის „ჩერის“ საინვესტიციო პროდუქტი და წარმოადგენს მოკლევადიან სასესხო ვალდებულებას. ის შექმნილია სპეციალურად მათთვის ვისაც სურს ფულის მოკლევადიანი დაბანდება საბანკო ანაბარზე უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლით.
როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, პროდუქტის დაანონსებიდან ძალიან მცირე პერიოდში უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პროდუქტმა გაამართლა.
“განვითარებულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ყველა წარმატებულ და ცნობილ კომპანიას აქვს ასეთი პატარა პროექტი. რამდენადაც ჩვენ უკვე 7 წელია ბაზარზე ვართ და გვიცნობენ, გვენდობიან, ამიტომ საქართველოში ვცადეთ ეს მიმართულება. მოლოდინზე იმაზე მეტი შედეგი მივიღეთ. ინტერესი საკმაოდ დიდია, კომპანიამ უკვე მიიღო რამდენიმე თამასუქი,“ - აცხადებენ კომპანიაში.
“ჩერის“ თამასუქი არის 6-დან 10 თვემდე ვადის, არანაკლებ 5000 ლარიანი ნომინალური ღირებულების სესხი რომელსაც ღებულობს კომპანია “ჩერი“ და იღებს ვალდებულებას დააბრუნოს
თამასუქის თანხას დაერიცხება წლიური 12%, სარგებლის ყოველთვიური გადახდით (თვეში - 1%)
კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ თამასუქის თანხის დაბრუნების დღეს, გაცემის დღესთან შედარებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3%-ზე მეტად იქნება გაუფასურებული თამასუქის მფლობელს კურსთაშორის სხვაობა ასევე აუნაზღაურდება.
“ჩერი ყიდის თამასუქს იმიტომ რომ გადაიხადოს საბანკო ოვერდრაფტზე ნაკლები პროცენტი (საშუალოდ ბანკის 6-10 თვიანი სესხი ლარში ღირს წლიური - 14%).
თქვენ უნდა იყიდოთ თამასუქი იმიტომ რომ მიიღოთ საბანკო ანაბარზე მეტი საპროცენტო სარგებელი (საშუალოდ ბანკები 6-10 თვიან ანაბარზე ლარში იხდიან წლიურ - 7%-ს) ამასთან დაზღვეული იყოთ ლარის მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაში.თამასუქის მფლობელი თამასუქის ვადის ამოწურვამდე ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით ონლაინ მაღაზიით გაკეთებულ შესყიდვებზე www.shop.cherie.ge (ონლაინ შეკვეთისას მიუთითებთ თამასუქის ნომერს)“-აცხადებენ კომპანიაში.
„ჩერი 2012 წელს დაარსდა. კომპანიის ქარხანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. მასში 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ამ ეტაპზე კომპანია 50 სახეობამდე ყავას და 1 დასახელების ჩაის აწარმოებს.