ბიზნესი ზარალს ითვლის – რა შემთხვევა მიიჩნევა ფორსმაჟორად
ქართული ბიზნეს სექტორი იმ ზიანს ითვლის, რომელიც ამ ეტაპზე მას ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით მიადგა.
დამსაქმებლებმა დასაქმებულების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ზოგ შემთხვევაში არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი პირობებიც.
იურიდიული კომპანია GLCC Law-ს პარტნიორი შალვა ცხაკაია იმ პირობებს განმარტავს, რომლის შემთხვევაშიც კომპანიების მხრიდან შრომითი ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ლეგიტიმურია.
„მიუხედავად იმისა, გამოცხადებული არის თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, ეპიდემია შეიძლება იყოს განხილული, როგორც დაუძლეველი ძალა კომპანიისთვის და შესაბამისად, ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პერიოდში, კომპანია შესაძლოა გათავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისაგან. (სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა ჩაეთვალოს საპატიოდ)”, – განმარტავს ცხაკაია თუმცა დასძენს, რომ გასათვალისწინებელია, აღნიშნულის დასამტკიცებლად საკმაოდ მაღალი სტანდარტია დაწესებული.
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით:
• დაუძლეველი ძალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა მტკიცებას საჭიროებს.
• დაუძლეველ ძალასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის ურთიერთკავშირი შესაფასებელი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა დადგინდეს.
• მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი განსაკუთრებული მოვლენები, მხოლოდ მისი არსებობის პერიოდში, შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო გარემოებად“,- წერია GLCC LAW-ს გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე განმარტებულია ისიც, რა შემთხვევაში დგინდება ფორს-მაჟორული სიტუაცია. ასეთ მდგომარეობას სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადგენს.
„ფორს-მაჟორული გარემოების დადგენა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ასეთი გარემოებების დამოწმება ხორციელდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი ფორს-მაჟორული გარემოების მოკლე აღწერას და დროის იმ მონაკვეთის მითითებას, რომლის განმავლობაშიც მოითხოვება გარემოების დამოწმება. ამასთან, აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფორს-მაჟორული გარემოების არსებობასთან. აღნიშნული დამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებების შეუსრულებლობის შემთხვევებში.
განცხადებას უნდა ერთვოდეს: ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია გარემოებები, რომლის დადგომის შემთხვევაში, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან და ყველა ის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ფორს-მაჟორული გარემოების გამომწვევი მიზეზები, ასევე, ზიანის რაოდენობა და მისი მიზეზობრივი კავშირი ფორს-მაჟორულ გარემოებებთან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განცხადებას განიხილავს 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დაადასტურებს ან დასაბუთებულ უარს იტყვის ფორს-მაჟორული გარემოების დადასტურებაზე. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღნიშნული დამოწმება, დამატებითი მტკიცებულება იქნება სასამართლოში, რადგან დავის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გარემოება ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად“,- აღნიშნულია განცხადებაში.