ბიზნეს დავების არბიტრაჟში გადაწყვეტაზე მოთხოვნა იზრდება
არბიტრაჟზე მზარდი მოთხოვნაა. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ინფორმაციით, მიმდინარე წელს 2019 წელთან შედარებით საქმეების რაოდენობა 3-ჯერაა გაზრდილი.
როგორც საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, დავების გადასაწყვეტად მომართვიანობა არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ბიზნესსუბიექტების მხრიდანაც ფიქსირდება.
„ყოველწლიურად მომართვიანობა არის გაზრდილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ადგილობრივი დავებია, არამედ საერთაშორისო დავებიც და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ორივე მოდავე მხარე არის უცხოელი. ანუ GIAC-ი ყალიბდება როგორც რეგიონული არბიტრაჟი და მისი ცნობადობა საკმაოდ მაღალია და საკმაოდ რესპექტაბელურია,“ - განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.
მიუხედავად მზარდი მომართვიანობისა, პროცესს ახლავს გამოწვევებიც. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში ტექნიკურ შეფერხებებზე საუბრობენ. იურიდიული კომპანიები კი მთავარ გამოწვევად ქართულ საკანონმდებლო რეგულცაციებს ასახელებენ.
„გამოწვევაა გარკვეულწილად ტექნიკური შეფერხებები, რომლებიც დაკავშირებულია საარბიტრაჟო პროცესის არცოდნასთან. ასევე, სასამართლოში აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები ვადებთან მიმართებაში. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ესეც გამოსწორებადია, მთავარია, ყველას ნება იყოს,“ - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.
„იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ძალიან მაღალი ნდობის მანდატი არ აქვს საქართველოში ვფიქრობ, რომ ისეთი ინსტრუმენტის უფრო აქტიურად და მობილურად გამოყენება, როგორიც არბიტრაჟია ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, დღეს ქართული საკანონმდებლო რეგულაციები, ვფიქრობ, ამის საშუალებას არ იძლევა. იქედან გამომდინარე, რომ არბიტრაჟი დღესდღეობით საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით იმდენად სწრაფი და ეფექტიანი არ არის, როგორც დასავლეთის ქვეყნებში, მიმართვიანობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც დასავლეთში, თუმცა ვფიქრობ, გაიზრდება და უფრო ეფექტიანი გახდება,“ - აღნიშნა იურიდიული კომპანია "ვიბიეითის" მმართველმა პარტნიორმა, დავით კიკალეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არბიტრაჟის ხელშესაწყობად, გუშინ, ყოველწლირი ღონისძიება - საარბიტრაჟო დღეები 20-21 გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სფეროს ექსპერტები ერთმანეთთან ტრენდულ ინფორმაციას გაცვლიან.