ახლა რომ გავიხსნათ და ისევ დაგვკეტონ, ამას მართლა ვეღარ გადავიტანთ - HB-ის ქსელი
საქართველოში HB-ის სარესტორნო ქსელის მფლობელი ხატია გვასალია სარესტორნო ინდუსტრიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, სარესტორნო ბიზნესი გაურკვევლობაშია. ამას ემატება გადასახადების ვალდებულება, იჯარის თანხა და გაურკვევლობა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.
როგორც გვასალია აცხადებს, ძალიან დიდი ხელშეწყობა იქნება ის, რომ მოხდეს დღგ-ს და საშემოსავლო გადახადზე 25%-იანი შეღავათი მაინც.
„ევროპაში სარესტორნო ბიზნესს ყველა რაღაცნაირად გვერდში უდგას, იქნება ეს დღგ-ს გადასახადის ნაწილი თუ საშემოსავლო. საქართველოს შემთხვევაში ეს გადაუწყვეტელი პრობლემაა. წარმოიდგინეთ, ამ პერიოდში ვიხდი იჯარის თანხასაც, მეიჯარეს დღგ-ს ცალკე ვუხდი. ავამოქმედე გატანის სერვისი, პირადად მე მივდივარ ჩემს თანამშრომლებთან და სამსახურში მომყავს, მერე ისევ უკან მიმყავს, გაუსაძლისი მდგომარეობაა. ელემენტარული გათბობას ვერ ვრთავ, რომ გადასახადი ბევრი მოვა და ვერ გადავიხდი, ყინვაში ვმუშაობთ. მოგებაზე საუბარი ზედმეტია, გადარჩენაზე ვართ. იცით კიდევ რაზე ვფიქრობ? ახლა რომ გაგვხსნან და მერე კიდევ დაგვკეტონ, ამას მართლა ვეღარ გადავიტანთ, მერე ვეღარ გავიხსნებით,“ - აცხადებს გვასალია.
მისი განცხადებით, არსებობს თუ არა სარესტორნო ბიზნესისთვის შექმნილ სიტუაციაში გადარჩენის გეგმა, ესეც უცნობია. „მე ხომ ვერ გავიგე და მგონია, რომ თავადაც არ იციან, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ვიღაცას ჰგონია, რომ რესტორანი თუ გაქვს მილიონერი ხარ, ამ დროს არა. ყველაფერი კრედიტით გვაქვს გაკეთებული,“ - აცხადებს გვასალია.
მისი განცხადებით, მაშინ როდესაც დაუშვეს რეგულარული ფრენები, წარმუდგენელია რატომ შეიძლება ვერ გაიხსნას ის რესტორნები, სადაც უსაფრთხოების ყველა წესია დაცული.
საქართველოში HB-ის ქსელის დამფუძნებელი სოლიდარობას უცხადებს რესტორნების პროტესტს, თუმცა, HB მსოფლიო ბრენდთან არსებული ხელშეკრულების გამო, ვერ უერთდება. შესაბამისად, HB-ს ქსელი კანონს ემორჩილება.
ამ დროისთვის საქართველოში HB-ის ქსელი წარმოდგენილია რამდენიმე ობიექტით. მათ შორის, თბილისში -2 რესტორანი, გუდაურში -1, ბათუმში -1.